ლიონელ მესისა და ბარსელონას გულშემატკივრებს შორის შელაპარაკება მოხდა
ლივერპულის აეროპორტში ლიონელ მესისა და ბარსელონას რამდენიმე გულშემატკივარს შორის შელაპარაკება მოხდა, იტყობინება ესპანური მუნდო დეპორტივო. როგორც ირკვევა, ბლაუგრანას რამდემინე ქომაგმა განმეორებითი მატჩის სენსაციურად წაგებაზე პასუხისმგებლობა არგენტინელს დააკისრა და ფეხბურთელიც ვალში არ დარჩენილა.
გამოცემა იტყობინება, რომ სიტუაცია მესის პირადმა წარმომადგენელმა, პეპე კოსტამ განმუხტა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აეროპორტში ბარსელონას გულშემატკივართა მეორე ჯგუფიც იმყოფებოდა, რომელმაც არგენტინელს დაუჭირა მხარი და აპლოდისმენტებით შეეგება მას.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში ლივერპულმა საკუთარ მოედანზე სამბურთიანი ჩამორჩენა ამოქაჩა და ბარსელონა 4-0 დაამარცხა.
ფინალში მერსისაიდელთა მეტოქე დღეს, აიაქსსა და ტოტენჰემს შორის მატჩში გაირკვევა. პირველი შეხვედრა გუნდებს შორის ლონდონში გაიმართა და ამსტერდამელთა გამარჯვებით, 0-1 დასრულდა.
მატჩი ამსტერდამ არენაზე თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.