ლიონელ მესის ჰეთ-თრიკით „ბარსელონამ“ წაუგებელი სერიის რეკორდი გაიმეორა
ლიონელ მესის ჰეთ-თრიკით „ბარსელონამ“ წაუგებელი სერიის რეკორდი გაიმეორა

ესპანეთის ჩემპიონატის 31-ე ტურში „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე „ლეგანესი“  3:1 დაამარცხა და რამდენიმე რეკორდი დაამყარა.

მატჩამდე ლიონელ მესის 26 გოლი ჰქონდა გატანილი ჩემპიონატში – ერთით მეტი, ვიდრე „ლეგანესის“ ყველა ფეხბურთელს. არგენტინელმა პირველ ტაიმში დუბლის შესრულება მოასწრო, აქედან ერთი გოლი ჯარიმიდან გაიტანა. მიმდინარე სეზონში მესის უკვე ექვსი გოლი დაუგროვდა საჯარიმოდან – ასეთი რამ, პირველად 2006-2007 წლების სეზონში რონალდინიომ შეძლო.

მეორე ტაიმში ნაბილ ელ-ჟარმა ერთი ბურთი გაქვითა და მატჩში ინტრიგა აღადგინა, მაგრამ 87-ე წუთზე მესიმ ეს ინტრიგა გააქრო. არგენტინელის კარიერაში ეს 45-ე ჰეთ-თრიკი იყო, აქედან 40 „ბარსელონას“ რიგებში აქვს შესრულებული.

ყველაზე მთავარი ის არის, რომ „ბარსელონამ“ ზედიზედ 38-ედ არ წააგო ესპანეთის ჩემპიონატში და „რეალ სოსიედადის“ უნიკალური რეკორდი გაიმეორა, რომელიც 1979-1980 წლებში დამყარდა.