ლიონელ მესის ახალი მეტსახელი მოუგონეს #1TVSPORT
ლიონელ მესის ახალი მეტსახელი მოუგონეს #1TVSPORT

კოპა ამერიკაზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ, არგენტინის ნაკრების ლიდერს ლიონელ მესის ახალი მეტსახელი მოუგონეს.

ბოლო ორი დღეა სოციალურ ქსელებში 34 წლის ფორვარდს „ანკარა მესის“ ეძახიან. როგორც ირკვევა, მესის ახალი მეტსახელის ავტორია ფეხბურთის არგენტინელი ქალი გულშემატკივარი და იუთუბერი ლუკიტა როდრიგესი. მან თავის „ტვიტერში“ გამოაქვეყნა მესის 14 წლის წინანდელი ცნობილი სოლორეიდის ვიდეო „ხეტაფესთან“ მატჩში. არგენტინელმა მაშინ შვიდი-რვა ფეხბურთელი მოატყუა და გოლი გაიტანა, კომენტატორმა კი რამდენჯერმე გაიმეორა – „ანკარა მესი, ანკარა მესი“. სინამდვილეში, კომენტატორი კატალონურად ამბობდა – Encara Messi, რომელიც ითარგმნება, როგორც „ისევ მესი“.

მიუხედავად ამისა, ახალი მეტსახელი ვირუსული გახდა, სამშაბათს კი მესის „ანკარა“ არგენტინის საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში უწოდეს. მოდას არ ჩამორჩა არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის „ტვიტერი“ და თურქული კლუბი „ანკარაგიუჯუ“.

გარდა ამისა, ესპანურმა გამოცემა Marca-მ გამოაქვეყნა სტატია მესის ახალ მეტსახელზე.

კოპა ამერიკაზე არგენტინის ნაკრები მეოთხედფინალში გავიდა, სადაც 4 ივლისს ეკვადორს შეხვდება.