ლიონელ მესის 1000 გოლი დაუთვალეს - დაუჯერებელია, მაგრამ სიმართლეა
ლიონელ მესის 1000 გოლი დაუთვალეს - დაუჯერებელია, მაგრამ სიმართლეა

“ბარსელონას” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაითვალა, რომ არგენტინელ ლიონელ მესის კარიერაში ზუსტად 1000 გოლი დაუგროვდა.

მესი 1987 წლის 25 ივნისს როსარიოში დაიბადა. 1994 წელს თამაში დაიწყო კლუბ “ნიუელ ოლდ ბოისის” საფეხბურთო სკოლაში. თავის პირველ მატჩში ლიონელმა, რომელსაც ორი თვე აკლდა შვიდ წლამდე, ოთხი გოლი გაიტანა. ბავშვთა გუნდს, რომელშიც მესი ასპარეზობდა, “მანქანა-87” ერქვა. ის პრაქტიკულად წაუგებელი იყო.

როგორც “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდი წერს, “ბარსას” აკადემიაში (“ლა მასია“) გადასვლამდე, მესიმ არგენტინაში 234 გოლი გაიტანა. კატალონიაში ის 13 წლის ასაკში გადავიდა, “ბარსელონა B”-მდე გაიზარდა, თან გზად კიდევ 105 გოლი გაიტანა.

პირველი გოლი “ბარსელონას” ძირითად შემადგენლობაში არგენტინელმა ზუსტად 13 წლის წინ – 2005 წლის 1 მაისს გაიტანა. ეს მოხდა ესპანეთის ჩემპიონატის 34-ე ტურში “ალბასეტეს” (2:0) წინააღმდეგ. მესის საგოლე პასი სახელგანთქმულმა რონალდინიომ მისცა.

ის გოლი ერთადერთი იყო არგენტინელისთვის 2004-05 წლების სეზონის ოფიციალურ მატჩებში და მეოთხე ამხანაგური მატჩების გათვალისწინებით. აი, როგორ გამოიყურება მას შემდეგ სეზონების მიხედვით მესის მონაგარი (ამხანაგური მატჩების ჩათვლით):

2005/06 – 10 გოლი
2006/07 – 18
2007/08 – 17
2008/09 – 42
2009/10 – 49
2010/11 – 55
2011/12 – 75
2012/13 – 65
2013/14 – 46
2014/15 – 59
2015/16 – 42
2016/17 – 57
2017/18 – 45
584 გოლი 687 მატჩში “ბარსელონას” რიგებში!

გარდა ამისა, მესი საუკეთესო ბომბარდირია არგენტინის ნაკრების ისტორიაში: 61 გოლი 123 მატჩში. მას ასევე გაუტანია არგენტინის 20-წლამდელთა და ოლიმპიურ ნაკრებებში: შესაბამისად, 14 და 2 გოლი.

საბოლოოდ გამოდის: 234 გოლი არგენტინაში ბავშვთა ტურნირებზე + 105 გოლი “ბარსელონას” იუნიორთა და ახალგაზრდულ გუნდებში + 584 გოლი “ბარსელონას” პირველ გუნდში + 61 გოლი არგენტინის ნაკრებში + 16 გოლი არგენტინის ახალგაზრდულ და ოლიმპიურ ნაკრებებში = 1000 გოლი.
ამისთვის ლიონელ მესის 1116 მატჩი დასჭირდა. მე-1000 გოლი მან “დეპორტივოს” კარში გაიტანა გასულ უქმეებზე. იმ მატჩის (4:2) შემდეგ, “ბარსელონა” 25-ედ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, მესიმ კი ჰეთ-თრიკი შეასრულა.

თუ მხოლოდ ოფიციალურ მატჩებს გავითვალისწინებთ, მესის 638 გოლი აქვს. ასე რომ, ის მეშვიდე ბომბარდირია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, TOP10 კი ასე გამოიყურება (Rec.Sport.Soccer Statistics Foundation-ის მონაცემებით):

1. იოზეფ ბიჩანი (ავსტრია, ჩეხოსლოვაკია, 1928-52) – 805 გოლი
2. რომარიო (ბრაზილია, 1985-2009) – 772
3. პელე (ბრაზილია, 1956-77) – 767
4. ფერენც პუშკაში (უნგრეთი, ესპანეთი, 1943-66) – 746
5. გერდ მიულერი (გფრ, 1962-83) – 735
6. კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია, 2002-) – 670
7. ლიონელ მესი (არგენტინა, 2004-) – 638
8. ფპერენდ დეაკი (უნგრეთი, 1944-53) – 576
9. უვე ზეელერი (გფრ, 1954-78) – 575
10. ტულიო კოშტა (ბრაზილია, 1988-2014) – 575

ამ რეიტინგში გათვალისწინებულია გოლები ოფიციალურ მატჩებში: საერთაშორისო საკლუბო ტურნირები, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებები, ეროვნული ჩემპიონატის ყველა დივიზიონი, ეროვნული სათასო ტურნირები.