ლიონელ მესიმ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, შესაძლოა, თავისი კარიერის მე-1000 მატჩში მოიგოს #1TVSPORT
ლიონელ მესიმ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, შესაძლოა, თავისი კარიერის მე-1000 მატჩში მოიგოს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს, ლიონელ მესის აქვს შანსი, თავის კარიერაში, რიგით მე-1000 მატჩში დაეუფლოს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს.

ესპანურმა გაზეთმა „მარკამ“ საინტერესო გამოთვლები გამოაქვეყნა. დღეისთვის არგენტინელ ფეხბურთელს 991 მატჩი აქვს ჩატარებული. რჩება კიდევ ცხრა მატჩი ისტორიულ ნიშნულამდე, მესის კი 13 შეხვედრა ელოდება ყატარის ჰიპოთეტურ ფინალამდე: ხუთი „პარი სენ-ჟერმენის“ და რვა არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში. ეს იმ შემთხვევაში, თუ არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავა.

მესის კალენდარი სავარაუდო ფინალამდე:

პსჟ-მაკაბი (ჩემპიონთა ლიგა)

პსჟ-ტრუა (ლიგა 1)

იუვენტუსი-პსჟ (ჩემპიონთა ლიგა)

ლორიანი-პსჟ (ლიგა 1)

პსჟ-ოსერი (ლიგა 1)

საამიროები-არგენტინა (ამხანაგური მატჩი)

არგენტინა-საუდის არაბეთი (ყატარი 2022)

არგენტინა-მექსიკა (ყატარი 2022)

არგენტინა-პოლონეთი (ყატარი 2022)

1/8 ფინალი (ყატარი 2022)

1/4 ფინალი (ყატარი 2022)

1/2 ფინალი (ყატარი 2022)

ფინალი (ყატარი 2022)

ასე რომ, ამ ჩამონათვალიდან მესიმ სამი შეხვედრა უნდა გამოტოვოს, რათა მისი მე-1000 შეხვედრა კარიერაში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალს დაემთხვეს.

მესისთვის ნახევარფინალში გასვლაც მნიშვნელოვანი იქნება. მას ახლა მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე 19 მატჩი აქვს ჩატარებული და თუ ყატარში შვიდი მატჩის ჩატარება მოუწევს, აბსოლუტური რეკორდსმენი გახდება მსოფლიოს ჩემპიონატებზე ნათამაშები მატჩების რაოდენობით. დღეისთვის რეკორდსმენი ლოთარ მათეუსია – 25 მატჩი.

გარდა ამისა, ლიონელ მესი ითამაშებს მსოფლიოს მეხუთე ჩემპიონატს, რითაც გაუთანაბრდება რეკორდსმენებს – ანტონიო კარვახალს, ჯანლუიჯი ბუფონს, რაფა მარკესსა და ლოთარ მათეუსს.