ლიონელ მესიმ „ბარსელონაში“ 644-ე გოლი გაიტანა და პელეს რეკორდი დაამხო (ვიდეო)
ესპანეთის ლა ლიგაში მე-15 ტური დაიწყო. ისტორიული მომენტი დაფიქსირდა „ვალიადოლიდისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრაში. ლიონელ მესიმ მასპინძელთა კარში ერთი გოლი გაიტანა და ეს იყო არგენტინელის 644-ე გოლი „ბარსელონას“ შემადგენლობაში. ასე რომ, მესი ახალი რეკორდსმენი გახდა ფეხბურთის ისტორიაში ერთ კლუბში გატანილი გოლების რაოდენობით. წინა რეკორდსმენი ფეხბურთის მეფე პელე იყო, რომელსაც „სანტოსში“ 643 გოლი დაუგროვდა.
ვალიადოლიდში შეხვედრა „ბარსელონამ“ 3:0 მოიგო. მესის გოლი რიგით მესამე იყო მატჩში. მანამდე თავი გამოიჩინეს კლემან ლანგლემ და მარტინ ბრეიტუეიტმა.
ლანგლემ მესის პასით გამოიჩინა თავი. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ლა ლიგას წლევანდელ სეზონში მესის პირველი შედეგიანი გადაცემა.
„ბარსელონამ“ ჩემპიონატში მეშვიდე მატჩი მოიგო და 24 ქულით მეხუთე ადგილზეა. ის ლიდერ „ატლეტიკოს“ რვა ქულით ჩამორჩება და თან ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.