ლიონელ მესი - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე პლანეტის გამორჩეული ფეხბურთელები ითამაშებენ #1TVSPORT
კლუბებს შორის პირველი 32-გუნდიანი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. ტურნირს გახსნის ამერიკული „ინტერ მაიამი“, რომლის ღირსებას ლიონელ მესი იცავს.
არგენტინელი სუპერვარსკვლავი ამ ისტორიული ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი სახეა. პირველ შეხვედრაში „ინტერი“ ეგვიპტურ „ალ აჰლის“ დაუპირისპირდება, მატჩი მაიამიში, 15 ივნისს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.
მესიმ ტურნირის დაწყებამდე გულშემატკივრებს მიმართა და სტადიონზე მისვლისკენ მოუწოდა.
„ეს ახალი ტურნირია და ძალიან საინტერესოა მასში მონაწილეობა. მოლოდინები სხვანაირია და ძალიან მოტივირებული ვარ. ველოდები, რომ აქ საუკეთესო გუნდებთან დაპირისპირება გველის.
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ტოპ კლუბები ჩამოდიან. აქ პლანეტის გამორჩეული ფეხბურთელები ითამაშებენ, ხალხს კი მათი ხილვა უყვარს. აშშ-ში მსგავსი დონის შეჯიბრება აქამდე არ ჩატარებულა და ეს შესანიშნავი შანსია, ვიხილოთ ბევრი მაღალი დონის მატჩი. ეს იქნება დაუვიწყარი გამოცდილება როგორც ფეხბურთელებისთვის, ასევე ტრიბუნებზე მყოფი გულშემატკივრებისთვის“, – განაცხადა მესიმ.
A ჯგუფში „ინტერ მაიამის“ მეტოქეები არიან „ალ აჰლი“, „პორტუ“ და „პალმეირასი“. თუ ამერიკული გუნდი ჯგუფიდან გასვლას შეძლებს, მერვედფინალში, შესაძლებელია, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს დაუპირისპირდეს.
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ყველა შეხვედრას პირველი არხის პლატფორმებზე პირდაპირ ეთერში იხილავთ.