ლიონელ მესი მეორე სამხრეთამერიკელია, რომელმაც ნაკრებში 70 გოლი გაიტანა
„ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი სანაკრებო დონეზე 70 გოლამდე ავიდა. მან „საიუბილეო“ გოლი ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ პენალტით გაიტანა. შეხვედრა თელ-ავივში გაიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა.
მესი გახდა მეორე სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი ისტორიაში, ვინც ნაკრებში მინიმუმ 70 გოლი გაიტანა. პირველმა ეს ზღვარი ლეგენდარულმა ბრაზილიელმა პელემ გადალახა, რომელსაც ეროვნულ გუნდში 77 გოლი დაუგროვდა.
არგენტინის ნაკრებში საუკეთესო ბომბარდირთა პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: 1. მესი – 70 გოლი; 2. ბატისტუტა – 54; 3. აგუერო – 42; 4. კრესპო – 35; 5. მარადონა – 34.
ნაკრებში გოლების რაოდენობით მსოფლიოს რეკორდი ეკუთვნის ირანელ ალი დაეის – 109. მის უახლოესი მდევარია პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდო 99 გოლით.