ლინას ლინკევიჩუსმა გიორგი გახარიას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა
ლინას ლინკევიჩუსმა გიორგი გახარიას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა

ლიეტუვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის აქტიური, მკაფიო მხარდამჭერია და ამ მიმართულებით დახმარებას მომავალშიც განაგრძობს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა.

ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა სფეროში საქართველო-ლიეტუვის მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში აქტიურ თანამშრომლობაზე.

პოზიტიურად შეფასდა ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები, მათ შორის საარჩევნო სისტემის დახვეწის მიმართულებით, კერძოდ მომავალი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

საუბარი ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას შეეხო. ხაზი გაესვა საერთაშორისო პარტნიორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების საკითხის მაღალ დონეზე განხილვის აუცილებლობას, როგორც საერთაშორისო ფორმატებში, ასევე რუსეთთან ორმხრივ დიალოგში. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

შეხვედრისას, ხაზგასმით აღინიშნა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი. პრემიერმა ისაუბრა ნატოსთან გააქტიურებულ ურთიერთობებზე და ამ კონტექსტში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტზე, რომელიც საქართველოში უახლოეს მომავალში იგეგმება.

მთავრობის მეთაურმა ლიეტუვას საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.