ლინას ლინკევიჩუსი - მივესალმები საქართველოს პარლამენტის მიერ საარჩევნო რეფორმის დამტკიცებას, რომელიც განამტკიცებს დემოკრატიასა და საპარლამენტო პლურალიზმს
ლინას ლინკევიჩუსი - მივესალმები საქართველოს პარლამენტის მიერ საარჩევნო რეფორმის დამტკიცებას, რომელიც განამტკიცებს დემოკრატიასა და საპარლამენტო პლურალიზმს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას გამოეხმაურა.

„მივესალმები საქართველოს პარლამენტის მიერ საარჩევნო რეფორმის დამტკიცებას, რომელსაც დიდ ხანს ელოდნენ და რომელიც განამტკიცებს დემოკრატიასა და საპარლამენტო პლურალიზმს. პროპორციული წარმომადგენლობა და უფრო მრავალფეროვანი პოლიტიკური მოსაზრებებისთვის კარის გახსნა პოზიტიური, წინ გადადგმული ნაბიჯია დაგეგმილი არჩევნებისთვის“, – წერს ლინკევიჩუსი „ტვიტერში“.

117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა – ბიძინა გეგიძემ, კახა ოქრიაშვილმა და ალექსანდრე ერქვანიამ.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“.

კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.