ლინას ლინკევიჩუსი - ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში საქართველოს შესახებ ჩანაწერის გაკეთება იოლი არ ყოფილა
ლინას ლინკევიჩუსი - ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში საქართველოს შესახებ ჩანაწერის გაკეთება იოლი არ ყოფილა

2008 წელს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ჩანაწერის გაკეთება იოლი არ ყოფილა. ამის შესახებ განცხადება ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა თბილისში მიმდინარე, ჯონ მაკკეინის სახელობის კონფერენციაზე, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მისი თქმით, საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოებისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს.

„საქართველო ძალიან კარგად იქცევა. მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებასთან ერთად, საქართველო იზიარებს რისკებსაც. კერძოდ, ქართველი ჯარისკაცები მონაწილეობენ ავღანეთის მისიაში და საკუთარ სიცოცხლეს წირავენ კოლექტიური უსაფრთხოებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი ის ფაქტიც, რომ ყველა შიდაპოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად, საქართველოში პარტიებს შორის უსაფრთხოების საკითხზე თანხმობა არსებობს. 2008 წლის ბუქარესტის სამიტი საქართველოში შეფასდა, როგორც ჩავარდნა. ქართველები ამბობდნენ, თქვენ არ მოგვეცით წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP). თუმცა, ჩვენ მათ ვუთხარით, შეხედეთ დეკლარაციაში წერია, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ამ ჩანაწერის გაკეთება იოლი არ ყოფილა. სახელმწიფოების მეთაურების დარწმუნება რთული იყო. მახსოვს დარბაზში ისმოდა წინადადებები, მოდი დავაკონკრეტოთ, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდებიან, თუ მათ ამის სურვილი ექნებათ. მაგრამ, ამ ფრაზის დამატებაზე უარი ვთქვით. ბუქარესტის სამიტზე იყო ნამდვილი გეოპოლიტიკური ბრძოლა. დარბაზი ორ ბანაკად დაიყო. ჩვენ ვამბობდით, რომ საჭიროა მკაფიო სიგნალი და ამიტომ მოდით, მივცეთ საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმა. მეორე ნაწილი ამბობდა, რომ ეს იქნება პროვოკაციული ნაბიჯი. ვთვლი, რომ პირიქით პროვოკაცია ის არის, როდესაც საგნებს და მოვლენებს საკუთარ სახელს არ არქმევ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავადანაშაულებთ საკუთარ თავს საქართველოს ოკუპაციაში, მაგრამ ცხადია, რომ ჩვენ ამის ასარიდებლად მეტის გაკეთება შეგვეძლო”, – განაცხადა ლინკევიჩუსმა.

კონფერენციაზე ლინკევიჩუსმა კითხვა პუტინისა და მისი პოლიტიკის შესახებაც დაუსვეს. ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პუტინს და მის გუნდს რუსეთი უფსკრულისკენ მიჰყავს.

„რუსეთი დღეს აღარ წარმოადგენს სუპერ ძალას. მე ვიტყოდი, რომ ის დღეს სუპერ პრობლემაა”, – განაცხადა ლინკევიჩუსმა.