ლინას ლინკევიჩუსი - 2008 წელს ნატო-მ ტესტი ვერ ჩააბარა
ლინას ლინკევიჩუსი - 2008 წელს ნატო-მ ტესტი ვერ ჩააბარა

2008 წელს ნატო-მ ტესტი ვერ ჩააბარა, – ეს განცხადება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა ვაშინგტონში მიმდინარე კონფერენციაზე გამოსვლისას გააკეთა.

მისი თქმით, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის დროს, ალიანსი არასაკმარისად მკაცრი იყო.

„2008 წელს ჩვენ ტესტი ვერ ჩავაბარეთ. არა იმიტომ, რომ ჩვენ ვიყავით დამნაშავეები, რადგან რუსეთმა მოახდინა საქართველოს 20%-ის ოკუპაცია. ჩვენ ვიყავით იმ მცირე რაოდენობის ქვეყნებს შორის, რომლებმაც ღიად განაცხადეს, ეს მიუღებელია, საჭიროა, უფრო მკაცრი რეაქცია, თუმცა ამ განცხადებების მიუხედავად, რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობებს დავუბრუნდით. ეს იყო ტესტი, რომელიც ვერ ჩავაბარეთ.

საქმე ეხება ღირებულებებს. როდესაც ნატო-ს გენერალური მდივანი თავის ისტორიულ სიტყვას წარმოთქვამდა კონგრესში, მან ახსენა ღირებულებები. ამ ღირებულებებს დაცვა და ბრძოლა სჭირდება. ეს არ არის მხოლოდ სლოგანები და შინაარსისგან დაცლილი სიტყვები. ის, რაც ხდება უკრაინასა და საქართველოში, არის გამოცდა. უნდა გამოვცადოთ ჩვენი რეაქცია, რადგან როდესაც ნატო-ს არ ჰქონდა რეაქცია საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, ამას მოჰყვა ყირიმის ანექსია და ახლა ვხედავთ, რაც ხდება აღმოსავლეთ უკრაინაში. ქვეყნებს აქვთ არჩევანის უფლება და ამას ყველა მოკავშირე მტკიცედ უჭერს მხარს, მაგრამ ეს არ გვეხება მხოლოდ ჩვენ, ნატო არ უნდა გადგეს გვერდით, როდესაც სხვებიც იბრძვიან იმავე ღირებულებებისთვის. ეს დასაფიქრებელია. ეს არის სოლიდარობა,“ – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლინკევიჩუსის თქმით, სჯერა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი.

„მჯერა, რომ საქართველო და უკრაინა შეუერთდებიან ნატო-ს, რადგან თქვენ ამას იმსახურებთ. ჩვენ საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ. თქვენი სამხედროები სიცოცხლეს წირავენ ამ ღირებულებებისთვის. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს და ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ,“ – განაცხადა ლინკევიჩუსმა.