ლიეტუვამ, შესაძლოა, რუსეთიდან ტრანზიტი შეზღუდოს, თუ შავი ჭირის საფრთხე დადასტურდება
ლიეტუვამ, შესაძლოა, რუსეთიდან ტრანზიტი შეზღუდოს, თუ შავი ჭირის საფრთხე დადასტურდება, – ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ლინას კუკურაიტისმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, ნებისმიერი მსგავსი ღონისძიება შეთანხმებული იქნება ევროკავშირთან, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ჯანმრთელობის სფეროში საგანგებო სიტუაციების დროს გადაადგილების შეზღუდვის პროცედურები შეიმუშავა.
„უმცირეს საფრთხესაც კი თუ დავინახავთ, ამ საკითხს დავაყენებთ და გადაწყვეტილებები ერთობლივად იქნება მიღებული“, – განაცხადა კუკურაიტისმა.
მისივე თქმით, 6 ოქტომბერს შეხვედრა გამართა იმ ძირითადი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან, რომლებიც მსგავსი ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაზე არიან პასუხისმგებელნი.
მინისტრის განცხადებით, ლიეტუვას შემუშავებული აქვს რეაგირების პროცედურები და საკმარისი რაოდენობის მედიკამენტების მარაგიც გააჩნია.
კუკურაიტისმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთში პნევმონიური შავი ჭირის შემთხვევის შესახებ ინფორმაცია დამოუკიდებელ წყაროებს არ დაუდასტურებიათ.
„ამავდროულად, ეს შემაშფოთებელი ვითარებაა და გვინდა, საზოგადოება დავამშვიდოთ“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ლიეტუვა ინფორმაციას, რომელიც რუსეთიდან ვრცელდება, სიფრთხილით ეკიდება, რადგან რუსეთი „ომს აწარმოებს და მტრულად განწყობილი ქვეყანაა“.
მისივე განცხადებით, ლიეტუვა, ევროპის სხვა ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები ვითარებას ყურადღებით აკვირდებიან.
მანამდე ლიეტუვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, რომ ამ დროისთვის მოსახლეობისთვის ჭირით დაინფიცირების გაზრდილი რისკი არ არსებობს. ცენტრის ინფორმაციით, არსებული ინფორმაცია შეზღუდულია და შეუძლებელია, დამოუკიდებლად დადასტურდეს, რომ გავრცელებული შემთხვევა მართლაც პნევმონიურ შავ ჭირს უკავშირდებოდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი აქვს დაგეგმილი, რომლის დროსაც, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევას განიხილავენ. საუბარია ციმბირში მდებარე სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მომხდარ შემთხვევაზე.
ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, ამ სიტუაციაში რუსეთს დახმარება გაუწიოს.