ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრების მოწყობის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება
ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრების მოწყობის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება

თბილისის მერია ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრების მოწყობის პროექტირება- მშენებლობისთვის ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემა რაც შეიძლება მალე მოგვარდება და ადგილობრივ მცხოვრებლებს დისკომფორტი აღარ ექნებათ.

„ლილოში არსებობს ნაგავსაყრელი, რომელიც უკვე დახურულია. დედაქალაქის ნარჩენები წლების განმავლობაში აქ იყრებოდა. შეიძლება ჩვენ ქალაქის ცენტრში ან სხვადასხვა უბანში ამ მწვავე პრობლემას ვერ ვგრძნობდეთ, თუმცა სამგორის რაიონისა და ლილოს დასახლებისთვის ეს სერიოზული დისკომფორტია. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით. უკვე შემუშავებულია კონცეფცია. მე ჩემს მოადგილეს, მაია ბითაძეს მინდა მადლობა გადავუხადო, რადგან მისი უშუალო ჩართულობით, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ეს კონცეფცია ჩამოყალიბდა. რამდენიმე დღეში კი ვაცხადებთ ტენდერს პროექტირება- სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, უპირველესად, გაზშემკრების მოწყობაა მნიშვნელოვანი, რის შემდეგაც, ნაგავსაყრელიდან გამოყოფილი გაზი კონკრეტულ ადგილზე მოთავსდება.

„როგორც გითხარით, არსებული ტერიტორია 2017 წელს დაიხურა. გარდა იმისა, რომ ქარიან ამინდში ნარჩენები გადაადგილდება და დიდ დისკომფორტს ქმნის, ასევე, არის უსიამოვნო სუნი, რადგან ნაგავსაყრელი გამოყოფს გაზს. შესაბამისად, ახლა ტენდერი ცხადდება გაზშემკრების მოწყობაზე. გაზი, რაც გამოიყოფა, მოთავსებული იქნება ერთ კონკრეტულ ადგილზე. ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება. ეს იქნება დაახლოებით ორწლიანი პროექტი და მასზე 50-60 მილიონი ლარი დაიხარჯება. „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს, რომეო მიქაუტაძეს აქვს ძალიან სერიოზული გამოწვევა ამ მიმართულებით და ვფიქრობ, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით თავს გავართმევთ გამოწვევას და პროექტს დროულად განვახორციელებთ. პრობლემა, რომელიც ირგვლივ მცხოვრებ ადამიანებს აწუხებთ, რაც შეიძლება მალე იქნება მოგვარებული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

გარდა ამისა, კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ კიდევ ერთ პროექტზე იმუშაოს. კერძოდ, გაზის შემკრების მოწყობის შემდეგ, მისი გადამუშავება და ელექტროენერგიის წარმოების დაწყება მოხდეს. ასევე, აღნიშნულ პროექტში ბიზნესსექტორი ჩაერთოს.

„ყველა განვითარებულ ქვეყანაში, როდესაც გაზის შეკრება ხდება, შემდეგ მის გადამუშავებას და ელექტროენერგიის წარმოებას ახდენენ. ვფიქრობ, ეს ბიზნესსექტორისთვის ძალიან საინტერესო იქნება და აქტიური კომუნიკაციით შეგვიძლია პროექტზე მუშაობა დავიწყოთ. მინდა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ. ჩავრთოთ ბიზნესსექტორი იმისათვის, რომ შეკრებილი გაზისგან ელექტროენერგიის წარმოება მოხდეს. ამას გამოიყენებს მთელი ქვეყანა, ჩვენი ქალაქი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

დატოვე კომენტარი