ლილიან მორი პასკიე - ჩვენ არ ვეგუებით ოკუპაციას, აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი
ჩვენ არ ვეგუებით ოკუპაციას, აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ლილიან მორი პასკიემ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციას 2014 წლიდან, ყირიმის ანექსიის შემდეგ, შეჩერებული აქვს ხმის უფლება, თუმცა ბოლო წლებია, მუდმივად ცდილობს ამ უფლების დაბრუნებას.
„ეს ერთგვარი კრიზისული სიტუაციაა. ჩვენ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და მინისტრთა კომიტეტი, ვფიქრობთ იმაზე, რომ ეფექტური და პოზიტიური გამოსავალი მოვძებნოთ ამ საპასუხისმგებლო და პრობლემური სიტუაციიდან. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ევროპის კონტინენტის ყველა მოსახლეზე და იმის გამო, რომ ეს დელეგაცია არ არის ჩვენ შორის, ჩვენ ვიცავთ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც, თავის მხრივ, ასევე ნაწილია იმ 830 მილიონისა. მომხრე ვარ, რომ ერთად დავსხდეთ მაგიდასთან, ვისაუბროთ და მოვძებნოთ გამოსავალი, რომელიც ხელსაყრელი იქნება ყველა მხარისთვის.
ამ პრობლემის გამო ვერ წყდება ბევრი საკითხი. ფაქტია, რომ სიტუაცია უნდა გაუმჯობესდეს. ჯერჯერობით, ეს რჩება გამოწვევად, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ. ეს მოცემულობა ყველა ქვეყანაზე ახდენს გავლენას. ვთვლით, რომ მინისტრთა კომიტეტმა და საპარლამენტო ასამბლეამ უკეთესი მონიტორინგი უნდა წარმართონ იმის დასადგენად, თუ რა უნდა მოხდეს მაშინ, როცა რომელიღაც დელეგაცია არღვევს ჩვენს წესდებას. როგორ შემოვირიგოთ ის, როგორ დავსვათ ის მოლაპარაკების მაგიდასთან.
მიმაჩნია, რომ ახლა სანქციებზე მიმდინარეობს დისკუსია. ჩვენ რეზოლუციაში უკვე ვთქვით, რომ ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა შეასრულოს ვალდებულებები. მათ შორის, ფინანსურიც. ორივე ორგანოში – მინისტრთა კომიტეტშიც და საპარლამენტო ასამბლეაშიც, უნდა იმუშაოს ორგანიზაციამ და საწევროც გადაიხადოს. ახლა სანქციების სისტემაზეა საუბარი. ახლა დიალოგის რეჟიმში ვართ და ვფიქრობ, ეს დიალოგი სწორი არჩევანია“, – განაცხადა ლილიან მორი პასკიემ.
მან რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს პოზიციაზეც ისაუბრა და კომენტარი გააკეთა იმ მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებშია.
„საქართველოს მიმართ ჩვენი პოზიცია ნათელია – ჩვენ არ ვეგუებით ოკუპაციას და ძალიან გვაღელვებს ეს ფაქტი. ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი. იქ არსებული მდგომარეობის შესახებ ძირითადად ვეყრდნობით ხოლმე გენერალური მდივნის ანგარიშს, რომელიც გვაძლევს სრულ ინფორმაციას საქართველოს თაობაზე. არსებობს შემაშფოთებელი ფაქტები და ეს ძალიან გვაღელვებს. ჩვენი შესაძლებლობები ამ თემებზე რეაგირებისთვის შედარებით შეზღუდულია, თუმცა მთავარი ის არის, რომ ურთიერთობები გამყარდეს ხალხებს შორის, ვგულისხმობ ხალხთა შორის დიალოგს. უნდა აღდგეს და გამყარდეს ნდობა. კონტაქტები ადამიანებს შორის არის ის, რაც მიგვიყვანს პრობლემის საბოლოო გადაწყვეტამდე. სიტუაცია ნამდვილად რთულია, მაგრამ სწორედ ნდობის აღდგენა შეიძლება იყოს გამოსავალი. ხალხისთვის, რომლიც იქ ცხოვრობს, ვითარება ნამდვილად საშიშია. საქართველოს ხელისუფლება, ჩემი აზრით, ბევრ რამეს აკეთებს იმისათვის, რომ ადგილზე სიტუაცია გაუმჯობესდეს, რათა იქ ადამიანებს ცხოვრება გაუადვილდეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯია“, – აღნიშნა ლილიან მორი პასკიემ.