ლილე ლიპარტელიანი - სამი წელია, გენერალურ გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა მერიას არ თემატური და არც ტაქტიკური რუკები არ აქვს გაკეთებული
ლილე ლიპარტელიანი - სამი წელია, გენერალურ გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა მერიას არ თემატური და არც ტაქტიკური რუკები არ აქვს გაკეთებული

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლილე ლიპარტელიანის განცხადებით, თბილისის განვითარების გენერალურ გეგმის უფლებრივი ზონირების ნაწილში სარეკრეაციო და ლანდშაფტური სარეკრეაციო ზონები, საცხოვრებელი ზონებით არის შეცვლილი, რასაც ოპოზიცია არ იზიარებს, ხოლო ამ პრობლემის მოსაგვარებლად თბილისის მერია არაფერს აკეთებს.

როგორც ლიპარტელიანმა განაცხადა, დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, შესაძლოა, სასტუმრო აშენდეს.

„წარმოდგენილი გენერალური გეგმის კონცეფციას აბსოლუტურად ვეთანხმებით, თუმცა ეს კონცეფცია არის, 1:10 000-ის მასშტაბით და შესაბამისად, გენერალური გეგმის ჯგუფი ამ წარმოდგენილ გენგეგმას ვერ ასახავს რუკაზე. სამი წელია მიმდინარეობს მუშაობა გენერალურ გეგმაზე და მერიას ამ დროის განმავლობაში არც ინვენტარიზაცია, არც თემატური რუკები, არც ტაქტიკური რუკები არ აქვს გაკეთებული. შესაბამისად, არსებობს ის პრობლემა, რომ უფლებრივი ზონირების ნაწილში სარეკრეაციო ზონები, ლანდშაფტური სარეკრეაციო ზონები, საცხოვრებელი ზონებით არის შეცვლილი და ამ წუთამდეც განხილვა ისე მიმდინარეობს, რომ მერია აბსოლუტურად არაფერს აკეთებს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, თუ რა თქმა უნდა, შეგნებულად არ არის გაკეთებული.

მაგალითისთვის მოვიყვან დიღმის ტყე-პარს, რომელსაც გარემოს დაცვის სპეციალური ზონის სტატუსი ედო აქამდე და ამ წუთას სარეკრეაციო ზონა 2 ადევს, რაც გულისხმობს იმას, რომ სპეციალური ზონალური შეთანხმების საფუძველზე, იქ, შესაძლოა, სასტუმრო აშენდეს. ეს, რა თქმა უნდა, არც ერთ თბილისელს არ მოეწონება“, – განაცხადა ლიპარტელიანმა.

თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის და გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს, სადაც საკრებულოს წევრები „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებთან ერთად, დედაქალაქის ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტზე მსჯელობენ.