ლიგა 3-ში დაქვეითებული საფეხბურთო კლუბის, ლანჩხუთის “გურიას” შესყიდვა (რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების ბალანსზეა) რამდენიმე ბიზნეს-ჯგუფს სურს.
ერთ-ერთ დაინტერესებულ ჯგუფს “გურიას” ყოფილი დირექტორი კობა მირზაშვილი წარმოადგენს, რომელმაც “გურიას” მიმართ ინტერესი დაადასტურა.
“უკრაინელი და რუსი ბიზნესმენები მზად არიან, კლუბში ინვესტიცია განახორციელონ, რადგან სჯერათ, რომ “გურიას” სახელი, გუნდის და ქართული ფეხბურთის ტრადიცია და პლუს ლანჩხუთის კლუბის ინფრასტრუქტურა პერსპექტივაში საინტერესო უნდა იყოს. ვიყავით შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ლანჩხუთის საკრებულოს წევრები და მერი. კონკრეტული გეგმები დავასახელეთ: გვსურს, რომ გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზა და ლანჩხუთის სტადიონი 25-წლიანი იჯარით ავიღოთ და განვაახლოთ, პლუს, გუნდს მოვუაროთ, მუნიციპალიტეტისგან კი თეთრსაც არ ვითხოვთ – მათგან მხოლოდ თანადგომა გვჭირდება” – აცხადებს მირზაშვილი.
საინტერესოა, რომ 2017 წლის დასაწყისში “გურიას” აყვანა ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის “დინამოს” ყოფილ პრეზიდენტს, მერაბ ჟორდანიას სურდა, მაგრამ მას უარი უთხრეს.