დაძაბულობა და სამი წითელი ბარათი მატჩში - „სითიმ“ „კოლხეთი“ დაამარცხა #1TVSPORT

ლიგა 3-ში ლიდერების დაპირისპირება დაძაბული გამოდგა. მეორეადგილოსანმა „თბილისი სითიმ“ გლდანის საფეხბურთო ცენტრში მესამეადგილოსანი ფოთის „კოლხეთი 1913“ მიიღო და 3:1 დაამარცხა.

ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა – მოგებით ფოთელები მეორე ადგილზე აინაცვლებდნენ. „თბილისი სითი“ 26-ე წუთზე კლეოპას ტიმიმ დააწინაურა. „კოლხეთი“ მე-40 წუთზე კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩავარდა, რადგან მთავარმა არბიტრმა სტუმართა მოთამაშე დოს სანტოს ალმეიდას მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედანი დაატოვებინა.

მაგრამ 10 კაცით დარჩენილმა „კოლხეთმა“ ანგარიში გაათანაბრა – 45+1-ე წუთზე მასპინძელთა კარი ბექა კაკუშაძემ აიღო. „თბილისი სითიმ“ რიცხობრივი უპირატესობით მაინც ისარგებლა – გიორგი ჭანუყვაძემ თბილისელებს დუბლით (77, 90+4) გაამარჯვებინა.

შეხვედრის ბოლოს მეტოქეთა შორის უსიამოვნება მოხდა – ერთმანეთს დავით რაჟამაშვილი („თბილისი სითი“) და დემეტრე გვასალია (ფოთის „კოლხეთი“) დაუპირისპირდნენ და შეხვედრის მთავარმა არბიტრმა გიორგი ავაზაშვილმა ორივე მათგანი მოედნიდან გააძევა.

საბოლოოდ, „თბილისი სითიმ“ 3:1 მოიგო, 34 ქულით მეორე ადგილი შეინარჩუნა და „კოლხეთთან“ (30) უპირატესობა გაზარდა.