ლიგა 2-ში ლიდერებმა მოიგეს - „სიონი“ პირველი წრის ჩემპიონია, მარტვილში თამაში 20 წუთით შეწყდა #1TVSPORT
ლიგა 2-ში ლიდერებმა მოიგეს - „სიონი“ პირველი წრის ჩემპიონია, მარტვილში თამაში 20 წუთით შეწყდა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში პირველი წრის ბოლო, მე-9 ტურის სამი მატჩი გაიმართა და გათამაშების ფავორიტებმა გაიმარჯვეს – პირველადგილოსანმასიონმა“ და „გაგრამ“, რომელიც წაუგებელ სერიას აგრძელებს.

სიონი – მერანი თბ 2:1

ბოლნისის „თამაზ სტეფანია – არენაზე“ გამართულ შეხვედრაში „მერანი“ ზურაბ ღირდალაძემ (38) დააწინაურა. მაგრამ დათა სიჭინავას (43, 49) დუბლით ბოლნისელებმა სეზონში მე-8 გამარჯვება მოიპოვეს.

 

გარეჯი – გაგრა 0:1

საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს თასის მფლობელმა „გაგრამ“ შეხვედრა ავტოგოლით მოიგო – საგარეჯოელთა მცველმა ვახტანგ კაპანაძემ 31-ე წუთზე ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა.

 

მერანი მრ – ჩიხურა 3:2

დღის ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა მარტვილის „მურთაზ ხურცილავა – არენაზე“ გაიმართა. მატჩის გმირი ზვიად ქანთარია იყო, რომლის წამოწყებული შეტევაც შეიკნე სილამ (43) გოლით დაასრულა. მერე თავად ქანთარიამ დუბლი შეასრულა – მან 45+3-ე წუთზე პენალტი გამოიყენა, ხოლო 45+16-ე წუთზე მეტოქის კარი თავური დარტყმით აიღო.

პირველ ტაიმს ამდენი დრო იმიტომ დაემატა, რომ 29-ე წუთზე მასპინძელთა ნახევარმცველმა ცოტნე ფაცაციამ ორთაბრძოლის შემდეგ (ზვიად ქანთარიამ შეცვალა) ტვინის შერყევა მიიღო და თამაში დააახლოებით 20 წუთი შეჩერდა, არბიტრმა კი შემდეგ წესის მიხედვით დრო დაამატა.

საჩხერელებმა მეორე ნახევარში მდგომარეობა გამოასწორეს და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს. ცნობილი ქართველი ვეტერანი თავდამსხმელის, მიხეილ ფოცხვერიას 18 წლის შვილმა, ივანე ფოცხვერიამ (51) პროფესიულ კარიერაში სადებიუტო გოლი ბესო დეკანოიძის პასით გაიტანა, ხოლო მალე თავად დეკანოიძემ (56) საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 3:2.

მე-9 ტურის დარჩენილი შეხვედრები ხვალ, 25 აპრილს გაიმართება.