ლიეტუვური კომპანია: არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ბავშვებით ვაჭრობასთან ჩვენს კავშირს დაადასტურებს
კომპანია „ვინტედის“ ლოგო
ლიეტუვური ონლაინ-პლატფორმა „ვინტედი“ აცხადებს, რომ არ არსებობს სარწმუნო მტკიცებულება იმ ბრალდებების დასადასტურებლად, თითქოს ამ პლატფორმაზე განთავსებული განცხადებები ბავშვებით ვაჭრობასთან არის კავშირში.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ვინტედის“ – ევროპაში მეორადი ნივთების უმსხვილესი ონლაინ-პლატფორმისა და ლიეტუვაში მილიარდ დოლარად შეფასებული პირველი სტარტაპის – მიმართ გამოძიება საფრანგეთის ხელისუფლებამ მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ბრალდებები, რომ პლატფორმაზე განთავსებული ზოგიერთი განცხადება, შესაძლოა, ბავშვებით ვაჭრობის ხელშეწყობისთვის ყოფილიყო გამოყენებული.
სააგენტო „ბალტიკ ნიუს სერვისთან“ (BNS) გაკეთებულ განცხადებაში „ვინტედმა“ აღნიშნა, რომ ფაქტების შემმოწმებელმა ორგანიზაცია „მიმიკამამ“ ვერ აღმოაჩინა ვერანაირი დასაბუთებული მტკიცებულება, რომელიც ონლაინ-პლატფორმაზე გამოქვეყნებულ განცხადებებს ბავშვებით ვაჭრობასთან დააკავშირებდა.
„მტკიცება, თითქოს „ვინტედის“ პლატფორმაზე ბავშვებს ყიდიან, ინტერნეტში გავრცელებული სკრინშოტებით არ დასტურდება. […] ისინი, შესაძლოა, მიანიშნებენ ტროლინგზე, საეჭვო რეკლამებზე, არასწორად შერჩეულ კატეგორიებზე, პროვოკაციაზე ან პლატფორმის ბოროტად გამოყენებაზე, მაგრამ ბავშვებით ვაჭრობის მტკიცებულებას არ წარმოადგენენ“, – აღნიშნულია „მიმიკამას“ ვებ-გვერდზე.
„ვინტედი“ მიიჩნევს, რომ ზოგიერთი განცხადება განზრახ არის განთავსებული მის პლატფორმაზე, ბავშვებით ვაჭრობის ბრალდებების წასაყენებლად.
„იმ შემთხვევებში, როდესაც მსგავსი განცხადებები განზრახ არის გამოქვეყნებული ასეთი დისკუსიის პროვოცირებისთვის, ჩვენ მათ დაუყოვნებლივ ვშლით და შესაბამისი ანგარიშების წინააღმდეგ ვიღებთ ზომებს, დაბლოკვის ჩათვლით. ჩვენ ვთანამშრომლობთ კომპეტენტურ ორგანოებთან, რომლებიც გამოძიებას აწარმოებენ“, – განუცხადა კომპანიამ BNS-ს.
ლიეტუვურმა საინფორმაციო ვებ-გვერდმა 15min-მა, ესპანურ გამოცემა „მუნდოამერიკაზე“ დაყრდნობით, პარასკევს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სოციალურ ქსელებში დაიდო ათობით სკრინშოტი და ვიდეო, რომლებიც „ვინტედის“ პლატფორმაზე გამოქვეყნებულ განცხადებებს ეხება და გამოთქმულია ვარაუდი, რომ ისინი, შესაძლოა, ბავშვებით ვაჭრობის შესანიღბად გამოიყენებოდეს.
15min-ი, ფრანგულ საინფორმაციო გამოცემა Europe1-ზე დაყრდნობით, ასევე იტყობინება, რომ საფრანგეთის პოლიციამ „ვინტედის“ პლატფორმაზე განთავსებულ განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
„ხელისუფლებამ ამ განცხადებების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა ინტერნეტში არალეგალური კონტენტის განთავსებასთან ბრძოლის ეროვნულ ცენტრს (PHAROS) რომელიც მათ წარმომავლობასა და მიზანს იძიებს“, – იტყობინება 15min-ი.
სტატიის ავტორი: ლიეტუვის ეროვნული ტელე-რადიო მაუწყებელი (LRT) და საინფორმაციო სააგენტო „ბალტიკ ნიუს სერვისთან“ (BNS)
ფოტოს ავტორი: ვ. რაუპელისი / ლიეტუვის ეროვნული ტელე-რადიო მაუწყებელი (LRT)