ლიეტუვის თავდაცვის ყოფილი მინისტრი - ჟიგიმანტას პავილიონისის პოზიცია ლიეტუვის მთავრობისა და სახელმწიფოს პოზიციას არ გამოხატავს
ლიეტუვის თავდაცვის ყოფილი მინისტრი - ჟიგიმანტას პავილიონისის პოზიცია ლიეტუვის მთავრობისა და სახელმწიფოს პოზიციას არ გამოხატავს

ჟიგიმანტას პავილიონისმა ვერ გაიგო, თუ რა იყო მისი როლი. ლიეტუვის ინტერესია საქართველოს მხარდაჭერა, მაქსიმუმის გაკეთება საქართველოს დასახმარებლად და არა რომელიმე მხარეს ყოფნა, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ლიეტუვას დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და სეიმის ყოფილმა წევრმა, აუდრიუს ბუტკევიჩიუსმა განაცხადა.

„მინდა, ვთხოვო ქართველ პოლიტიკოსებს, განურჩევლად იმისა, თუ რომელ პარტიას მიეკუთვნებიან, რომ გვაპატიონ ლიეტუვის წარმომადგენლის ასეთი დამოკიდებულება. საქართველოში ჩასვლამდე ლიეტუვაში პავილიონისმა განაცხადა, რომ ვიზიტის მიზანი იყო სიტუაციის დაბალანსება. თბილისში ჩასვლის შემდეგ კი ის კონფლიქტის ნაწილი გახდა და მეტიც – მან დაიწყო საუბარი პოლიტიკური აგრესიით და „დიდი ძმის პოზიციით” – სანქციებზე საქართველოს წინააღმდეგ. ეს ნიშნავს, რომ მან ვერ გაიგო, თუ რა იყო მისი როლი. საქართველოს ნებისმიერი წარმატება არის ლიეტუვის დიდი წარმატება. საქართველოს მომავალ წარმატებას ნატო-სა და ევროკავშირში ლიეტუვიდან უდიდესი მხარდაჭერა აქვს და არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ არის მმართველი პარტია საქართველოში. ლიეტუვის ინტერესია საქართველოს მხარდაჭერა, მაქსიმუმის გაკეთება საქართველოს დასახმარებლად და არა რომელიმე მხარეს ყოფნა. მე დარწმუნებული ვარ, რომ არ არის საქართველოში პოლიტიკოსი, ვისთვისაც მისაღები იქნება ლიეტუველი პარლამენტარის ასეთი დამოკიდებულება.

მე ვიცნობ საქართველოს პოლიტიკურ ელიტას და არავინ საჭიროებს უცხოელებისგან ასეთ დახმარებას ან ამგვარ პოზიციას. პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ეს პიროვნება კონფლიქტის მონაწილე ხდება ჩვენს მეზობლებთან. შეიძლება, ეს ხასიათის ბრალია. როგორც ჩვენ გავიგეთ მისი ლიეტუვაში გაკეთებული განმარტებები და, ის ფიქრობს, რომ ოპოზიცია არის უფრო ახლოს მის პარტიასთან. ასე იქცა მისი პოზიცია პარტიულ პოზიციად და არა ლიეტუვის მთავრობისა და სახელმწიფოს პოზიციად. ამიტომაც ვთხოვ ქართველ პოლიტიკოსებს, რომ გვაპატიონ ამ გაუგებრობისთვის. ის ახლა არის ერთ-ერთი მაღალი რანგის დიპლომატი და მან უნდა წარმოადგინოს სახელმწიფოს პოზიცია და არა მეგობრული ურთიერთობით ან პარტიული პოზიციებით იხელმძღვანელოს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი სახით ძალადობა მიუღებელია. ქვეყანა საკუთარი კანონმდებლობის და კონსტიტუციის დაცვის თანახმად უნდა მოქმედებდეს“, – აცხადებს ბუტკევიჩიუსი.

თბილისში ვიზიტისას ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა:„თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები, მომავლის დაკარგვაც გსურთ? თუ არ გაერთიანებით, დიდი ფასის გადახდა მოგიწევთ“.