ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ჩინური სმარტფონების შეძენისგან თავი შეიკავონ
ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ჩინური სმარტფონების შეძენისგან თავი შეიკავონ

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, გადააგდონ ჩინური სმარტფონები და თავი შეიკავონ მათი შეძენისგან. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ბრიტანული მაუწყებლის ცნობით, ლიეტუვის კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა გამოსცადა ჩინური წამოების 5G მობილური ტელეფონები, რის შედეგადაც დაადგინა, რომ კომპანია Xiaomi-ს ერთ-ერთ ტელეფონს გააჩნია ცენზურის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც შეუძლია, გამოავლინოს და დაბლოკოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა „თავისუფალი ტიბეტი“, „გაუმარჯოს ტაივანის დამოუკიდებლობას“ ან „დემოკრატიული მოძრაობა“.

სულ გამოვლენილია 449 ტერმინი, რომლის ცენზურაც Xiaomi-ის სმარტფონს შეუძლია. ანგარიშის თანახმად, ევროპაში აღნიშნuლი მოდელის სმარტფონებს ეს შესაძლებლობა გამორთული აქვს, თუმცა კვლევის ავტორების მტკიცებით, მისი გააქტიურება დისტანციურად ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.

ამასთან, მედია წერს, რომ Huawei-ს ერთი მოდელი შესაძლოა, კიბერთავდასხმების წინაშე მოწყვლადი იყოს.

„ჩვენი რეკომენდაციაა, არ შეიძინოთ ახალი ჩინური ტელეფონები და რაც შეიძლება მალე თავიდან მოიშოროთ უკვე შეძენილები“, – განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის მოადგილე მარგირის აბუკევიჩუსმა.

კომპანია Huawei-ში „ბიბისის“ განუცხადეს, რომ ის იცავს იმ ქვეყნების კანონებსა და რეგულაციებს, სადაც კომპანია ოპერირებს და მისთვის პრიორიტეტია კიბერუსაფრთხოება, პერსონალური მონაცემების დაცვა.

Xiaomi-ში კი ლიეტუვის თავდაცვის სმაინისტროს ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

„ბიბისი“ აღნიშნავს, რომ ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ანგარიშის გამოქვეყნება ვილნიუსსა და პეკინს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე მოხდა. ურთიერთობები ორ ქვეყანს შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც ტაივანმა განაცხადა, რომ ლიეტუვაში თავის მისიას ხსნის, რომელსაც ტაივანის წარმომადგენლობა ეწოდება. კუნძულს ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. აღნიშნულის გამო, ჩინეთმა აგვისტოში ვილნიუსიდან საკუთარი ელჩი გაიწვია და ლიეტუვას პეკინიდან თავისი ელჩის გაწვევა მოსთხოვა.

ევროპის სხვა ქვეყნებსა და აშშ-ში განთავსებულ ტაივანის საელჩოებს ტაიბეის წარმომადგელობას უწოდებენ.