ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ევროპის და აშშ-ის იარაღის მწარმოებლებისგან შესყიდვებისას ბალანსის დაცვაა საჭირო
რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხესთან გასამკლავებლად გადაიარაღებისკენ ევროპის სწრაფვა ნიშნავს, რომ ქვეყნებს იარაღის შეძენა აშშ-ისგან მოუწევთ, ასევე საკუთარი სამხედრო მრეწველობის გაძლიერება, – ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, დოვილე შაკალიენემ „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ევროპულმა ქვეყნებმა უნდა შეინარჩუნონ საკუთარი თავდაცვითი მრეწველობა და, ამავდროულად, გააძლიერონ ტრანსატლანტიკური კავშირები, „რაც ნიშნავს ამერიკული იარაღის შეძენას“.
„ამიტომ ჩვენ მოგვიწევს ბალანსის დაცვა“, – განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა.
დოვილე შაკალიენემ აღნიშნა, რომ საქმე ეხება არა იარაღის მწარმოებლებს, არამედ ევროპის უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობას.
„ამ განტოლების ნაწილი იქნება პოლიტიკური და ეროვნული ინტერესები, მაგრამ მთავარი ელემენტი იქნება ჩვენი უსაფრთხოება. ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია ისინი, ვისაც ყველაზე სწრაფად შეუძლია იარაღის წარმოება, რომელიც საუკეთესოდ პასუხობს ჩვენს საჭიროებებს“, – განაცხადა დოვილე შაკალიენემ.
ლიეტვის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ „მიამიტური იქნებოდა ფიქრი, რომ ევროპას არ სჭირდება შეერთებული შტატები“.
„ჩვენ გვჭრდება შეერთებული შტატები. მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ გვჭირდება, რომ ევროპა უფრო ძლიერი გახდეს“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, ლიეტუვა იარაღს სხვადასხვა ქვეყნისგან ყიდულობს: „ლეოპარდის“ ტანკებს – გერმანიისგან, Caesar-ის თვითმავალ ჰაუბიცებს – საფრანგეთისგან, თანამედროვე „მიწა-ჰაერის“ კლასის სარაკეტო სისტემებს – ნორვეგიისგან და მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს – აშშ-ისგან.
ცნობისთვის, მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მილიარდობით ევრო, რომელსაც ევროპა თავდაცვაზე ხარჯავს, არ უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ ამერიკული იარაღის შესაძენად.