ლიეტუვის სეიმში გამოდიან ინიციატივით, საჯარო გახდეს იმ პირთა სია, ვინც საბჭოთა პერიოდში „კაგებესთან“ თანამშრომლობდა
ლიეტუვის სეიმში გამოდიან ინიციატივით, საჯარო გახდეს იმ პირთა სია, ვინც საბჭოთა პერიოდში „კაგებესთან“ თანამშრომლობდა

ლიეტუვის სეიმში გამოდიან წინადადებით, საჯარო გახდეს იმ ადამიანების სახელები, ვინც საბჭოთა პერიოდში „კაგებესთან“ თანამშრომლობდა, – ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

აღნიშნული ინიციატივით ლიეტუვის საკანონმდებლო ორგანოს 48 წევრი გამოვიდა. მათი თქმით, საბჭოთა სპეცსამსახურების ყოფილ თანამშრომელთა ვინაობის გასაჯაროება საჭიროა ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად.

აღნიშნული იდეის მიმართ კრიტიკულად განწყობილი დეპუტატები აცხადებენ, რომ ასეთი ადამიანების ვინაობის გამხელა იქნება სახელმწიფოს მიერ წლების წინ დადებული პირობის დარღვევა და ეს ეწინააღმდეგება ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობას.

ლიტუვაში ლუსტრაციის კანონი 2000 წელს მიიღეს. ამ კანონის მიხედვით, იმ პირების ვინაობა, რომლებიც საბჭოთა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას აღიარებდნენ, 75 წლის განმავლობაში გასაიდუმლოებული იქნებოდა. მაშინ „კაგებესთან“ თანამშრომლობა 1 600 ადამიანმა აღიარა.