ლიეტუვის სასაზღვრო დაცვის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის საჭიროებას ვერ ხედავს
ლიეტუვის სასაზღვრო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, დონატას შკარნულისი
ლიეტუვის სასაზღვრო დაცვის სამსახურის ახლად დანიშნული ხელმძღვანელი, დონატას შკარნულისი ამჟამად რუსეთთან სასაზღვრო-გამშვები პუნქტების დახურვის საფუძველს ვერ ხედავს. მისი ეს განცხადება მოჰყვა ესტონეთის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, რუსულ სამხედრო დაზვერვასთან დაკავშირებული სავარაუდო დივერსიული ქმედებების გათვალისწინებით, ტალინი დეკემბრიდან რუსეთთან არსებულ სასაზღვრო გადასასვლელებს დახურავს.
„არ მიმაჩნია, რომ ვითარებამ იმ ზღვარს მიაღწია, როდესაც სასაზღვრო-გამშვები პუნქტების დახურვაა საჭირო“, – განუცხადა შკარნულისმა ლიეტუვის ეროვნულ ტელე-რადიო მაუწყებელს (LRT TV).
საზღვრის დახურვის გადაწყვეტილება ესტონეთმა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც დრონების მწარმოებელი საწარმოს დაწვის სავარაუდო მცდელობა აღკვეთა. ეს მცდელობა ესტონეთის ხელისუფლებამ რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურს დაუკავშირა.
შკარნულისის თქმით, რუსეთის შემადგენლობაში შემავალ კალინინგრადის ექსკლავთან ლიეტუვის საზღვარი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, თუმცა ისიც დასძინა, რომ უსაფრთხოების პოტენციურ საფრთხეებს შესაბამისი უწყებები სასაზღვრო ზოლის მთელ პერიმეტრზე აკვირდებიან.
ლიეტუველი სამხედროები მესაზღვრეებს, კალინინგრადის მიმართულებით, ოქტომბრიდან ეხმარებიან. მათი განთავსების ვადა ნოემბრის ბოლომდე გახანგრძლივდა.
„პროვოკაციები, ვიტყოდი, თანაბრადაა მოსალოდნელი როგორც ბელარუსის, ისე რუსეთის ფედერაციის საზღვარზე. ჩვენ კარგად გვესმის, როგორი მეზობლები გვყავს. შესაძლოა, სხვადასხვაგვარი ვითარება შეიქმნას. საფრთხეს ორივე შემთხვევაში თანაბრად ვაფასებთ“, – აღნიშნა შკარნულისმა.
ესტონეთის გადაწყვეტილებას ბალტიის ქვეყნების ლიდერებს შორის ერთსულოვანი მხარდაჭერა არ მოჰყოლია. ლიეტუვის საზღვრის დაცვის სამსახურის ახალი ხელმძღვანელის კომენტარიც სწორედ ამ განსხვავებული შეფასებების ფონზე გაკეთდა.
გასულ კვირას, ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ესტონეთის ნაბიჯს „დაგეგმილ თავდასხმაზე ადეკვატური პასუხი“ უწოდა და განაცხადა, რომ რეგიონის დესტაბილიზაციის „მცდელობების“ გაგრძელების შემთხვევაში, არ გამორიცხავს, ლიეტუვამაც ანალოგიურ ზომებს მიმართოს.
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრის კულბერგსმა კი ეს ნაბიჯი „შეცდომად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ საზღვრის ჩაკეტვა არაგონივრული იქნება, თუკი ანალოგიურ ზომას ბალტიის სამივე სახელმწიფო ერთობლივად არ მიიღებს.