ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო - საპარლამენტო არჩევნები საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯია
მივესალმებით საქართველოს მიერ საარჩევნო სისტემის რეფორმას და არჩევნების გართულებების გარეშე ჩატარებას, ისედაც რთულ პირობებში, რომელიც „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო შეიქმნა,- ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„31 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა მონაწილეობა მიიღეს ახალი პარლამენტის არჩევნებში, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში პასუხისმგებელი იქნება ქვეყნის მთავარ გადაწყვეტილებებზე. მივესალმებით საქართველოს მიერ საარჩევნო სისტემის რეფორმას და არჩევნების გართულებების გარეშე ჩატარებას, ისედაც რთულ პირობებში, რომელიც „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო შეიქმნა. ამომრჩეველთა აქტივობა ცხადყოფს, რომ პანდემიის მიუხედავად, ქართველი ხალხი ქვეყნის მომავალზე ფიქრობს.
საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, არჩევნები იყო კონკურენტული, და საერთო ჯამში ფუნდამენტური თავისუფლებები და დემოკრატიული სტანდარტები დაცული იყო, თუმცა იყო ზოგიერთი დარღვევები და ინციდენტები, რომლის გამოძიების მოწოდებით გამოვდივართ. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 21 ნოემბერს გაიმართება, ჩვენ მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, გაითვალისწინონ საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებები, უზრუნველყონ მეორე ტურის ორგანიზება და მომავალი შედეგები არანაირ ეჭვს არ გამოიწვევს“,- აღნიშნულია ლიეტუვის საგარეო უწყების განცხადებაში.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯია.
„ახალმა საარჩევნო სისტემამ დემოკრატიული პროცესის მიმართ მოქალაქეთა და პოლიტიკური პარტიების ნდობა გაზარდა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საარჩევნო სისტემის სამომავლო გაუმჯობესება საშუალებას მისცემს პოლიტიკურ მოთამაშეთა უფრო ფართო წრეს, პარლამენტში იყვნენ წარმოდგენილები.
ვიმედოვნებთ, რომ მეორე ტურის შემდეგ ჩამოყალიბებული უმრავლესობა დაუყოვნებლივ გაატარებს მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვან რეფორმებს, კერძოდ ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის გზით. ლიეტუვა მზადაა, საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გასაგრძელებლად, მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, აგრძელებს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების ადვოკატირებას“,- ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.