გაბრიელიუს ლანდსბერგისი – ვაქებთ უმეტესი პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებას, ახლა უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველა პარტია შეუერთდეს შეთანხმებას

15:00, 28.04.2021

პირველ რიგში, ძალიან მოხარული ვარ თბილისში დაბრუნებით. მინდა, დავადასტურო, რომ ლიეტუვა ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი და საქართველოს ტრანსატლანტიკური მისწრაფებების მხარდამჭერია, – ამის შესახებ ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

მისივე თქმით, ლიეტუვა რჩება იმ იდეის მხარდამჭერი, რომ ევროკავშირს, ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს შეუძლიათ და მეტად უნდა დაეხმარონ აღმოსავლელ პარტნიორებს.

„ჩვენ აქ დასახმარებლად ვართ, როგორც შეგვიძლია და როგორც საჭიროა. ჩვენ მინისტრთან განვიხილეთ რეგიონში არსებული რთული ვითარება სამხრეთ კავკასიასა და აღმოსავლეთ პარტნიორობაში. ჩვენ ვხედავთ უფრო აგრესიულ რუსეთს, რომელიც აგროვებს ჯარებს უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან, ყირიმში. ახლა დახმარებას უწევს, თუ შეიძლება, ასე ითქვას, მშვიდობას აზერბაიჯანში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. რეგიონი არასტაბილურია ისე, როგორც არასდროს. პანდემიის კრიზისი ჯერ არ დასრულებულა. ზოგიერთ ქვეყანაში უმჯობესდება, ზოგიერთი ქვეყანა უკეთ უმკლავდება ვაქცინების საშუალებით და მკაცრი შეზღუდვებით, თუმცა ყველა ქვეყანას არ აქვს ამის შესაძლებლობა. ლიეტუვა რჩება იმ იდეის მხარდამჭერი, რომ ევროკავშირს, ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს შეუძლიათ და მეტად უნდა დაეხმარონ აღმოსავლელ პარტნიორებს. დარწმუნებული ვარ, დადგება დრო, როდესაც ლიეტუვა დაეხმარება საქართველოს ორმხრივად. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთობლივი თანამშრომლობის მრავალი შესაძლებლობა ისახება, იქნება ეს ეკონომიკური, პოლიტიკური, თუ რეგიონალური“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

ამასთან, ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა ოპოზიციური პარტიების მიერ შარლ მიშელის ახალ დოკუმენტზე ხელის მოწერა.

„ჩვენ შეგვიძლია მეტი დახმარება გაგიწიოთ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე, ჩვენი ექსპერტებითა და ნოუჰაუთი. თუმცა, საქართველოში პოლიტიკური პრობლემები რჩება. ჩვენ ნამდვილად ვაქებთ უმეტესი პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელთაც მიიღეს შარლ მიშელის შეთანხმება. ახლა უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველა პარტია შეუერთდეს შეთანხმებას. პარლამენტი მუშაობს და აქვს უნარი, განახორციელოს რეფორმები, მართლმსაჯულების რეფორმა, საარჩევნო რეფორმა, რომელიც ძალიან სჭირდება ქართველ ხალხს და პოლიტიკურ სისტემას. უზრუნველყოფილ უნდა იქნას, რომ შიდა პოლიტიკური პრობლემების გამო არ შეჩერდებით რეალურ სტრატეგიულ საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა, გავხადოთ საქართველო უფრო უსაფრთხო, საქართველომ გააგრძელოს მისი დასახული ტრანსატლანტიკური გზა“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

მსგავსი