გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ევროკავშირი არის ძალა, რომელსაც შეუძლია სტაბილურობის, დემოკრატიისა და საჭირო რეფორმების უზრუნველყოფა, რაც დაეხმარება საქართველოს მსგავს ქვეყნებს ევროატლანტიკურ გზაზე
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ევროკავშირი არის ძალა, რომელსაც შეუძლია სტაბილურობის, დემოკრატიისა და საჭირო რეფორმების უზრუნველყოფა, რაც დაეხმარება საქართველოს მსგავს ქვეყნებს ევროატლანტიკურ გზაზე

ევროკავშირი არის ძალა, რომელსაც შეუძლია სტაბილურობის, დემოკრატიისა და საჭირო რეფორმების უზრუნველყოფა, რაც დაეხმარება საქართველოს მსგავს ქვეყნებს ევროატლანტიკურ გზაზე, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, რომელმაც ვიზიტის შემაჯამებელი პრესკონფერენცია ავსტრიისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად თბილისში გამართა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმოიხილა სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრები სამხრეთ კავკასიაში.

„მინდა, ვისაუბრო რეგიონის მნიშვნელობაზე. ეს არის გეოპოლიტიკურად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონი არა მხოლოდ ევროკავშირთან ახლოს მყოფი, არამედ ვიტყოდი, მთელ მსოფლიოში. ბევრი რეგიონული ძალაა, რომელიც დაინტერესებულია მათი გავლენის გაძლიერებით რეგიონის სამივე ქვეყანაში. ეს სამივე ქვეყანა მიდგომით და ბევრი რამით ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა აქვს საერთო მახასიათებლებიც. ერთ-ერთია, რომ სამივე ქვეყანას სჭირდება რეგიონის სტაბილურობა და პროგნოზირებადობა. სამწუხაროდ, ძალები, რომლებიც ჩართული არიან ან ცდილობენ, რომ იყვნენ ჩართული რეგიონში, ძალიან იშვიათად უზრუნველყოფენ სტაბილურობას.

გვჯერა, რომ ევროკავშირი არის ძალა, გეოპოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია სტაბილურობის, დემოკრატიის და საჭირო რეფორმების უზრუნველყოფა, რაც დაეხმარება საქართველოს მსგავს ქვეყნებს, ევროატლანტიკურ გზაზე.

მე ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი ძალიან კარგ დროს შედგა. საქართველოში გვქონდა შესანიშნავი შეხვედრები. ვისაუბრეთ ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლების აუცილებლობაზე. ეს ძალიან მტკივნეული საკითხია საქართველოს მთავრობისთვის და მხარს ვუჭერთ მათ მოთხოვნას, რომ უკანონოდ დაკავებული ადამიანი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გათავისუფლებული. ასევე ხაზი გავუსვით, რომ შეთანხმება, რომელშიც ევროკავშირი მონაწილეობდა, უნდა შესრულდეს. ასევე, შევაქეთ საქართველოს ჩართულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნდობის აღდგენის ღონისძიებაში.

ვფიქრობ, საქართველოს განსაკუთრებული როლის თამაში შეუძლია რეგიონში მეტი სტაბილურობისთვის, თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ ლიდერობა აიღოთ ხელში და მიხარია, რომ ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები გადადგმულია“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.