ლიეტუვის პრემიერი აცხადებს, რომ კორონავირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში, ქვეყნის მთლიანი ეკონომიკა არ დაიხურება
ლიეტუვის მთავრობამ კოორნავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღის შემთხვევისთვის სამოქმედო გეგმა მოამზადა. სააგენტო „დელფის“ ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საულიუს სკვერნიალისმა განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეპიდემიის მეორე ტალღის შემთხვევაში, ხელისუფლება ისეთ მკაცრ ზომებს აღარ მიმართავს, როგორც ეს მარტში მოხდა და იმუშავეBს დაავადების ცალკეული კერების დასაძლევად.
„ვფიქრობ, ბევრი ცოტა სხვაგვარად მოიქცეოდა, ჩვენ, მთელმა ევროპამ, მთელმა მსოფლიომ ხომ მტკივნეული გაკვეთილი მივიღეთ. ეს ეხებოდა მართვას, დიაგნოზს, თავად ქცევას, როგორც საზოგადოებაში, ისე პრევენციის კუთხით“, – აღნიშნა პრემიერმა.
ლიეტუვის მთავრობის მეთაურის თქმით, დაცვის ყველაზე სანდო საშუალებად კვლავ რჩება სოციალური კონტაქტის შეზღუდვა და ჰიგიენის ზომების დაცვა.
„ეს მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ, თუმცა ვფიქრობ, ჩვენ ლოკალიზებულ კერებზე ვსაუბრობთ, რაც ახლა ხდება. ასეთი გეგმა მზად არის, ვიმედოვნებ, მისი ამოქმედება არ დაგვჭირდება, თუმცა ჩვენ მზად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა სკვერნიალისმა.
კორონავირუსის გამო ლიეტუვამ კარანტინი 16 მარტს აამოქმედა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ლიეტუვაში გამოვლინდა კორონავირუსის სულ 1 647 შემთხვევა, გარდაიცვალა 66 ინფიცირებული.