ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ტრამპსა და პუტინს შორის დიზელის საწვავზე მიღწეულ შეთანხმებას სამარცხვინო უწოდა

14:42, 12.10.2026

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, მინდაუგას სინკევიჩიუსმა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის დიზელის საწვავის შესახებ მიღწეული შეთანხმება გააკრიტიკა. ამის შესახებ მან „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრს ჰკითხა, შეიძლება თუ არა დონალდ ტრამპის ნდობა მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინის მიმართ პოზიცია შეცვალა.

„იმედი მაქვს, რომ შეიძლება, იმედი მაქვს“, – უპასუხა მინადუგას სინკევიჩიუსმა.

კითხვაზე, უნდა იმოქმედოს თუ არა ევროპამ დამოუკიდებლად, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპამ „ყველაფერი უნდა გააკეთოს, რაც ძალუძს“ და „მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოს“.

„მთავრობები და პოლიტიკოსები იცვლებიან, კავშირები კი რჩება“, – თქვა ლიეტუვის პრემიერ მინისტრმა.

ტრამპსა და პუტინს შორის დიზელის საწვავთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებაზე სინკევიჩიუსმა უფრო მკაცრი პოზიცია გამოხატა.

„ჩვენ ამით არ ვამაყობთ. ეს სამარცხვინოა… არც კი ვარ დარწმუნებული, განხორციელდება თუ არა ეს შეთანხმება საერთოდ თუ ეს მხოლოდ პოლიტიკური განცხადებაა. არცერთი შეთანხმება, წერილობითი შეთანხმება არ მინახავს. ვნახე მხოლოდ პოსტები სოციალურ ქსელებში და არა თავად შეთანხმება“, – განაცხადა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა და მასთან რუსული დიზელის საწვავის შეერთებული შტატებისა და მსოფლიო ბაზრებისთვის მიწოდებაზე შეთანხმებას მიაღწია. ტრამპსა და პუტინს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ უკრაინასა და ევროპის დედაქალაქებში აღშფოთება გამოიწვია. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრამპის გადაწყვეტილება, ცალმხრივად გააუქმოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და ქვეყანას დიზელის საწვავის ექსპორტის შესაძლებლობა მისცეს, „უსამართლო და არაკეთილსინდისიერია“.

მსგავსი