ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი – რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე მოსახლეობის ევაკუაციის გეგმები შემუშავებული გვაქვს, თუმცა თავდასხმის შემთხვევაში დანებებას არ ვაპირებთ

11:55, 22.09.2026

ლიეტუვას რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე მოსახლეობის ევაკუაციის გეგმები შემუშავებული აქვს, თუმცა თავდასხმის შემთხვევაში დანებებას არ აპირებს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, მინტაუტას სიდკევიჩიუსმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მოქალაქეები რუსეთის მხრიდან მუდმივ საფრთხეს გრძნობენ, რაც ნაწილობრივ ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრით არის განპირობებული.

„თუ ჩვენ თავს დაგვესხმებიან, ჩვენ ვიბრძოლებთ, ჩავერთვებით ბრძოლაში“, – განაცხადა სიდკევიჩიუსმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას სხვადასხვა სცენარისთვის გეგმები მომზადებული აქვს. მაგალითად, საჭიროების შემთხვევაში გათვალისწინებულია ხანდაზმული მოქალაქეების ქალაქებიდან უსაფრთხოდ და შეუფერხებლად გაყვანა, საცობების თავიდან აცილების მიზნით.

„სხვადასხვა სცენარზე ვფიქრობთ. ყველა მათგანი საჯაროდ არ განიხილება. კონკრეტული საფრთხეების წინაშე ვდგავართ. არა ყოველდღიურად, მაგრამ ეს საფრთხეები არსებობს და ჩვენთვის ეს რეალობაა“, – აღნიშნა სიდკევიჩიუსმა.

მსგავსი