ლიეტუვის დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების გამო, ორგანიზაციის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების გაუქმებას ითხოვს
ლიეტუვის დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების გამო, ორგანიზაციის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების გაუქმებას ითხოვს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ლიეტუვის დელეგაცია ორგანიზაციაში რუსეთის დაბრუნების გამო, ევროსაბჭოს დაარსების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების გაუქმების ინიციტივით გამოვიდა. საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის წევრი ალექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ლიეტუვის დელეგაციის წერილს აქვეყნებს.

ორგანიზაციის დაარსების 70 წლისადმი მიძღვნილი ცერემონია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მიმდინარე წლის ივნისში უნდა გამართულიყო. თუმცა, რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების აღდგენასთან დაკავშირებით მწვავე დებატების გამო, შემოდგომის სესიამდე გადაიდო. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია ოქტომბრის დასაწყისში გაიხსნება.

ლიეტუვის დელეგაციის ხელმძღვანელი ალგიდრას ბუტკევიჩუსი წერილში აღნიშნავს, რომ ივნისის შემდეგ საპარლამენტო ასამბლეაში პრობლემები და დაძაბულობა არ გამქრალა და უფრო გამწვავდა კიდეც.

„აღნიშნულ კონტექსტში ევროსაბჭოს წარმატების ზეიმი ჩანს როგორც დაცინვა ევროსაბჭოს რეალური მიღწევებისა და ჩავარდნების გათვალისწინებით“, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც ბუტკევიჩუსი აწერს ხელს.

ლიეტუვის დელეგაცია ევროსაბჭოს სხვა წევრებს აღნიშნულ საკითხზე მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციის დაბრუნებას ივნისის ბოლოს დაუჭირა მხარი.