ლიეტუვის დაზვერვის ცნობით, რუსეთს აქვს საკმარისი რესურსი, რათა უკრაინაში ომის გაგრძელება, სულ მცირე, ორი წლის განმავლობაში შეძლოს
ლიეტუვის დაზვერვის ცნობით, რუსეთს აქვს საკმარისი რესურსი, რათა უკრაინაში ომის გაგრძელება, სულ მცირე, ორი წლის განმავლობაში შეძლოს

რუსეთს აქვს საკმარისი რესურსი, რათა უკრაინაში ომის გაგრძელება, სულ მცირე, ორი წლის განმავლობაში შეძლოს, – ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, რომლის შესახებაც ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთს აქვს საკმარისი ფინანსური, ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსი, როათა საომარი მოქმედებები ამჟამინდელი ინტენსივობით, სულ მცირე, ორი წელი გააგრძელოს.

ამასთან, ლიეტუვის სპეცსამსახურები აღნიშნავენ, რომ რუსეთი ომზე უზარმაზარ რესურსს ხარჯავს და არანაირ ნიშანს არ ავლენს, რომ კონფლიქტის დეესკალაციას ემხრობა, იმის მიუხედავად, რომ თავის ოპერატიულ მიზნებს ვერ აღწევს.

ასევე, ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთი ნატო-სთან გრძელვადიანი კონფრონტაციისთვის ემზადება, კერძოდ, ბალტიის ზღვის რეგიონში, და ამისთვის თანდათან აფართოებს თავის სამხედრო შესაძლებლობებს დასავლეთით. კერძოდ, რუსეთმა უკვე დაიწყო შეიარაღებული ძალების მასშტაბური რეფორმა. სტრუქტურული და სამეთაურო ცვლილებები უკვე ხორციელდება კალინინგრადში და რუსეთის დასავლეთით. ლიეტუვის დაზვერვაში მიიჩნევენ, რომ ამ რეფორმის საერთო ტემპი და მასშტაბები პირდაპირ დამოკიდებული იქნება უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობაზე, ხანგრძლივობასა და შედეგზე. სპეცსამსახურები მიუთითებენ იმაზეც, რომ უკრაინაში ომი რუსეთს დაგეგმილზე გაცილებით ძვირი უჯდება.

სადაზვერვო მონაცემებით, მიმდინარე წელს სამხედრო ბიუჯეტისთვის უკვე გამოყვეს რუსეთის ბიუჯეტის, სულ მცირე, მესამედი – 102 მილიარდი ევრო. ამასთან, დაზვერვის მონაცემებით, რეალური თანხა გაცილებით დიდი იქნება, საბიუჯეტო ხარჯების გასაიდუმლოებული მუხლების გათვალისწინებით.