ლიეტუვის ახალი მთავრობის პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერას ითვალისწინებს
ლიეტუვის ახალი მთავრობის პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერას ითვალისწინებს

ლიეტუვის ახალი, მე-18 მთავრობის პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერას ითვალისწინებს. პროგრამა ლიეტუვის სეიმმა დღეს, 11 დეკემბერს დაამტკიცა. დღესვე პრემიერ-მინისტრ ინგრიდა შიმონიტეს მთავრობამ ფიცი დადო.

„ჩვენ გავაგრძელებთ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის, ნატო-სა და ევროკავშირის წევრობისკენ უკრაინისა და საქართველოს მისწრაფების, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დემოკრატიული პროცესების აქტიურ მხარდაჭერას. ჩვენ აქტიურ როლს შევასრულებთ ევროკავშირისა და ნატო-ს აღმოსავლეთ სამეზობლოში, გვექნება ძლიერი ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, რა დროსაც დავეხმარებით უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას შეიარაღებული ძალების ტრანსფორმირებაში, ასევე ჰიბრიდული და კიბერსაფრთხეების წინაშე მათი მდგრადობის გაძლიერებაში“, – ნათქვამია ლიეტუვის ახალი მთავრობის პროგრამაში, რომელიც სეიმის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ლიეტუვის ახალი მთავრობა მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ.

„ჩვენ უნდა შევქმნათ თანამოაზრე დემოკრატიული ქვეყნების უფრო ფართო კოალიციები, ტრანსატლანტიკური და საერთაშორისო კავშირები, რათა დავეხმაროთ ბელარუსებს თავისუფლებასა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში, ასევე, გავაძლიეროთ მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირში წევრობის პერსპექტივები 2027 წელს ევროკავშირის საბჭოში თავმჯდომარეობამდე“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ლიეტუვის ახალი მთავრობის პროგრამა რუსეთის აგრესიისადმი პრინციპულ დამოკიდებულებას ითვალისწინებს.

„ჩვენ მხარს დავუჭერთ რუსეთის რეჟიმის წინააღმდეგ მიზნობრივ და ეკონომიკურ სანქციებს; ჩვენ არა მხოლოდ დავუჭერთ მხარს მოლდოვის, საქართველოს, უკრაინისა და სხვა ქვეყნების ევროკავშირისა და ნატო-სკენ სწრაფვას, არამედ ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში დავეხმარებით მათ, დაიბრუნონ რუსეთის მიერ ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიები“, – წერია ლიეტუვის მთავრობის პროგრამაში, რომელიც სეიმმა დღეს დაამტკიცა.