ლიეტუველი დეპუტატი - ყოველი არჩევნების შემდეგ ერთმანეთს არ უნდა იჭერდეთ და ციხეში არ უნდა სვამდეთ
ლიეტუველი დეპუტატი - ყოველი არჩევნების შემდეგ ერთმანეთს არ უნდა იჭერდეთ და ციხეში არ უნდა სვამდეთ

გაავლეთ ხაზი რუსეთთან და ნუ მოუსმენთ დასავლეთს, რომ ნატო-ში გაწევრიანების დრო ჯერ არ დამდგარა, – ეს განცხადება თბილისის საერთაშორისო კონფრენეციაზე ლიეტუველმა დეპუტატმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა გააკეთა.

მისი თქმით, ნატო-ში გაწევრიანებისთვის აუცილებელია დასავლეთთან აქტიური მუშაობა, რათა გაჩნდეს შესაბამისი პოლიტიკური ნება, მნიშვნელოვანია შიდაპოლიტიკური თანხმობაც.

„რუსეთთან გამკლავების დროს უნდა იცოდეთ, რომ თუ არ გაავლებ ხაზს, ისინი გააგრძელებენ თქვენი ქვეყნის განადგურებას. როდესაც დასავლეთი ავლებს ხაზს, ისინი ჩერდებიან და პატივისცემით გეპყრობიან. თქვენ ახდენთ სუვერენიტეტის კონსოლიდაციას. ასე რომ, გააკეთეთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია, რათა უბიძგოთ ნატო-ს, გაფართოება გავრცელდეს იმ ქვეყნებზე, რომელთაც დემოკრატიულობა სურთ. ჩვენ ეს მკაფიოდ გავიაზრეთ და ამიტომაც დავიწყეთ ნატო-ს და ევროკავშირის გაფართოების კამპანია. მეორე გაკვეთილი არის ინვესტიციები დიპლომატიაში. თქვენ უნდა გყავდეთ საუკეთესო პროფესიონალები და საკმარისი რესურსი, დახმარება უნდა სთხოვოთ საუკეთესო და ყველაზე გამოცდილ მეგობრებს, ექსპერტებსა და ჟურნალისტებს, რათა მათ ახსნან დასავლეთში, რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოს ნატო-ში შესვლა, რა სარგებელს მოიტანს საქართველო ნატო-ში. მაგრამ, თუ ამ პოლიტიკური ნების წარმოქმნა ვერ მოხერხდება, თქვენი მცდელობა წარუმატებელი იქნება. მესამე გაკვეთილი ეხება შიდა პოლიტიკას, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის საჭირო პოლიტიკური ნების წარმოქმნის ხელშესაწყობად უნდა იყოთ საუკეთესოები. უნდა იყოთ ჩემპიონები ყველა სფეროში, დაწყებული დემოკრატიით. საუკეთესო რომ იყოთ, აუცილებელია პოლიტიკური ძალების გაერთიანება სტრატეგიული მიზნის გარშემო. ყოველი არჩევნების შემდეგ ერთმანეთს არ უნდა იჭერდეთ და ციხეში არ უნდა სვამდეთ. უნდა გააკვირვოთ დასავლეთი, უნდა დაამტკიცოთ, რომ უნიკალური ხართ. მაგალითად, ესტონელები ამას ახერხებენ საინფორმაციო ტექნოლოგიები საუკეთესო სპეციალისტებით, ლიეტუველები – სხვა რამით. მთავარი ის არის, რომ თქვენ უნდა იყოთ საინტერესო, შეიტანოთ თქვენი წვლილი. თუ საშუალო დონეს აჩვენებთ, მაშინ უბრალოდ კვდებით. ასეთ შემთხვევაში ამ რბოლის მოგება შეუძლებელია. გაავლეთ მკაფიო ხაზი რუსებისთვის და არასდროს უსმინოთ დასავლეთს, მაშინ როდესაც ისინი ამბობენ, რომ ნატო-ში გაწევრიანების დრო ჯერ არ დადგა, უბრალოდ უბიძგეთ უფრო ძლიერად და აუცილებლად გაიმარჯვებთ“,- განაცხადა ლიეტუველმა დეპუტატმა.