ლიეტუველი დეპუტატები ბირთვული იარაღის განთავსებაზე კონსტიტუციური აკრძალვის გაუქმებას ითხოვენ

12:46, 05.07.2026
ლიეტუვის სეიმი (პარლამენტი)

ლიეტუვის სეიმი (პარლამენტი)

50 ლიეტუველი კანონმდებლისგან შემდგარმა ჯგუფმა, ბირთვული იარაღის ქვეყანაში განთავსების ამკრძალავი დებულების კონსტიტუციიდან ამოსაღებად, შესაბამისი კანონპროექტი დაარეგისტრირა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ლიდერები ამ შეზღუდვის გაუქმების მიზანშეწონილებაზე შეთანხმდნენ.

 

ამ ინიციატივის საფუძველზე შეიცვლება ლიეტუვის კონსტიტუციის 137-ე მუხლი, რომელშიც ნათქვამია, რომ ლიეტუვის ტერიტორიაზე მასობრივი განადგურების იარაღისა და უცხოური სამხედრო ბაზების განთავსება დაუშვებელია.

საპარლამენტო და სამთავრობო ლიდერებთან, ასევე საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებთან პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შეხვედრის დასრულების შემდეგ, ამ უკანასკნელმა განაცხადა: „მიღწეულია კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ კონსტიტუციური დებულება მოძველდა და ქვეყნის ძირითადი კანონიდან მისი ამოღებაა საჭირო“.

ცვლილების მომხრეები ამტკიცებენ, რომ ქვეყნის უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად შეიცვალა. ნაუსედას თქმით, ლიეტუვა ახლა ფაქტობრივად ნატო-ს ერთადერთი წევრია, რომელმაც საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებაზე კონსტიტუციური აკრძალვა აქვს დაწესებული.

ლიეტუვის კონსტიტუციაში ცვლილების შესატანად საჭიროა, რომ პარლამენტის 141 წევრიდან მინიმუმ 94-მა წინადადებას ორჯერ, კენჭისყრებს შორის მინიმუმ სამთვიანი ინტერვალით, დაუჭიროს მხარი.

პარლამენტის სპიკერი, იოზას ოლეკასი აცხადებს, რომ ლიეტუვა, მშვიდობიანობის დროს, თავის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებას არ გეგმავს.

მმართველი კოალიციის წევრები ასევე ამტკიცებენ, რომ კონსტიტუციური დებულების ამოღება გავლენას არ მოახდენს ლიეტუვის ვალდებულებებზე, რომელსაც ქვეყანას ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულება და სხვა საერთაშორისო შეთანხმებები აკისრებს.

ამ საკითხზე დებატებმა განსაკუთრებული იმპულსი საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ მარტში გაკეთებული განცხადების შემდეგ მიიღო. მაშინ ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ საჭიროა შეიქმნას ბირთვული შეკავების ახალი ევროპული ჩარჩო, რომელიც პარტნიორ ქვეყნებს საშუალებას მისცემს, ბირთვული იარაღის ტარების პოტენციალის მქონე საფრანგეთის სტრატეგიული საჰაერო ძალები დროებით განათავსონ თავის ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, ივნისში „ფაინენშალ თაიმსმა“ გამოაქვეყნა რამდენიმე სტატია იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ბირთვული იარაღის განთავსებას ნატო-ს წევრ კიდევ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში განიხილავს. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, რობერტას კაუნასმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე მიმდინარე დისკუსიებში ლიეტუვაც მონაწილეობს.

 

სტატიის ავტორი: ლიეტუვის ეროვნული ტელე-რადიო მაუწყებელი (LRT – Lietuvos nacionalinis radijas ir televizija) და საინფორმაციო სააგენტო „ბალტიკ ნიუს სერვისი“ (BNS)

ფოტოს ავტორი: ი. სტაცევიჩუსი / ლიეტუვის ეროვნული ტელე-რადიო მაუწყებელი (LRT)

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 3 ივლისი 2026, 12:07 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი