ლიეტუვას თავდაცვის მინისტრის მოადგილე - ნატო-ს კარი ღიაა, ჩვენ მხოლოდ სტრატეგიული მოთმინება გვჭირდება
ლიეტუვას თავდაცვის მინისტრის მოადგილე - ნატო-ს კარი ღიაა, ჩვენ მხოლოდ სტრატეგიული მოთმინება გვჭირდება

ლიეტუვას თავდაცვის მინისტრის მოადგილის ვიტაუტას უმბრასასის განცხადებით, ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე საინტერესო დისკუსია შედგა მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-სკენ მიმავალ გზასთან დაკავშირებით.

ვიტაუტას უმბრასასის თქმით, ლიეტუვა ცდილობს, მხარი დაუჭიროს საქართველოს მისწრაფებებს.

„ძალიან მოხარული ვარ აქ ყოფნით. ბათუმში მეოთხედ ვიმყოფები და ვხედავ კარგ პროგრესს, რადგან თქვენ კურსს ინარჩუნებთ და ორგანიზებას უწევთ ფორუმებს სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის, რა თქმა უნდა, ამ რეგიონისა და საქართველოს უსაფრთხოებაზე, თავდაცვაზე. დღეს გვქონდა ძალიან კარგი დისკუსია ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, განსაკუთრებით ევროკავშირისა და ნატო-სკენ საქართველოს გზაზე, უსაფრთხოების გარემოზე. ნატო-ს პერსპექტივიდან თუ გადმოვხედავთ, ვიტყოდი, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ უსაფრთხო რეგიონს საქართველოს მონაწილეობის გარეშე. ასე რო,მ ჩვენ ძალიან გვსურს, საქართველო ჩვენს გვერდით იყოს და ვცდილობთ, რომ მას რაც შეიძლება მეტად დავუჭიროთ მხარი. მაგალითად, ჩემს შედარებით პატარა ქვეყანას, ლიეტუვას აქვს ბევრი პროექტი თავდაცვის სამინისტროში და სხვა ინსტიტუტების ფარგლებში ვცდილობთ, გავაგრძელოთ საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა მის გზაზე“,- განაცხადა ლიეტუვას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნატო ღია კარის პოლიტიკას აგრძელებს.

„საქართველოს ახლა გააჩნია ყველა ინსტრუმენტი ამ გზაზე. საქართველოს აქვს ნატო-საქართველოს საბჭო, ყოველწლიური ეროვნული გეგმა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი და სხვა აუცილებელი ინსტრუმენტები წინსვლისთვის. ვფიქრობ, რომ საქართველო თავის საშინაო დავალებას საკმაოდ წარმატებულად ასრულებს. ჩვენ გავიხსენეთ 11 წლის წინ ჩატარებული ბუქარესტის სამიტი და მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ნატო-ს კარი ღიაა. ჩვენ მხოლოდ სტრატეგიული მოთმინება გვჭირდება”, – განაცხადა ლიეტუვას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

დატოვე კომენტარი