ლიეტუვამ ​იმ თვითმფრინავების მიღება აკრძალა, რომლებიც ბელარუსის საჰაერო სივრცეს კვეთენ
ლიეტუვამ ​იმ თვითმფრინავების მიღება აკრძალა, რომლებიც ბელარუსის საჰაერო სივრცეს კვეთენ

ლიეტუვამ ​იმ თვითმფრინავების მიღება აკრძალა, რომლებიც ბელარუსის საჰაერო სივრცეს კვეთენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება ლიეტუვის მთავრობის საგანგებო სხდომაზე მიიღეს.

ამასთან, მინისტრებმა აუკრძალეს ლიეტუვის აეროპორტებიდან გაფრენა იმ თვითმფრინავებს, რომლებსაც ბელარუსის საჰაერო სივრცის გადაკვეთა აქვთ დაგეგმილი.

როგორც ლიეტუვის ტრანსპორტის მინისტრი აცხადებს, გადაწყვეტილება ძალაში 25 მაისს, 03:00 საათზე შევა.

შეგახსენებთ, 23 მაისს მინსკის მოთხოვნით ათენიდან ვილნიუსში მიმავალი „რაინეარის“ ავიალაინერი ბელარუსის დედაქალაქის აეროპორტში დასვეს.

ბელარუსმა დისპეჩერებმა შეატყობინეს ირლანდიური ავიაკომპანიის ეკიპაჟს მათ ბორტზე არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ. მინსკში დაჯდომის შემდეგ, ბელარუსელმა სამართალდამცველებმა დააკავეს დამოუკიდებელი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი.