ლიეტუვა: ვილნიუსში ყურანის დაწვამ და კაუნასში მეჩეთთან დაპირისპირებამ მიგრაციის თემაზე დებატები გაამწვავა
მიგრანტები (ასოციაციური ფოტო) / ფოტოს ავტორი: ე. ბლაჟისი, ლიეტუვის ეროვნული ტელე-რადიო მაუწყებელი
ვილნიუსის ცენტრში ყურანის დაწვამ და კაუნასის მეჩეთთან მომხდარმა დაპირისპირებამ ლიეტუვაში გაამწვავა საზოგადოებრივი დებატები იმასთან დაკავშირებით, თუ რა იწვევს მზარდ სოციალურ დაძაბულობას, ვის ეკისრება მასზე პასუხისმგებლობა და როგორ უნდა დარეგულირდეს მიგრაციისა და ინტეგრაციის პროცესები.
გასულ უქმეებზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ წვავენ ვილნიუსის ცენტრში ისლამის წმინდა წიგნს – ყურანს. პოლიციის განცხადებით, თავად ინციდენტი უფრო ადრე, 13 სექტემბერს მოხდა. ამ შემთხვევას წინ უძღოდა ინციდენტი კაუნასის მეჩეთთან, სადაც ბაიკერებმა ღორის თავი მიიტანეს და მუსლიმთა ლოცვის დროს ყვიროდნენ და მღეროდნენ.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია მუსლიმური თემის წევრების მისამართით გაჟღერებული მუქარების შესახებ.
მუფთი ალექსანდრას ბეგანსკასის განცხადებით, მას კარგად ესმოდა მუქარები მეჩეთის გადაწვის, ასევე მოწოდებები პირადად მასთან და მისი ოჯახის წევრებთან ანგარიშსწორების შესახებ.
ამ ინციდენტებმა პოლიტიკოსებს შორის მკვეთრად განსხვავებული შეფასებები გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, თუ რა უდევს საფუძვლად ლიეტუვურ საზოგადოებაში არსებულ დაძაბულობას.
ზოგიერთი მათგანის აზრით, პრობლემის გამწვავებას პოლიტიკური რიტორიკა უწყობს ხელს.
„არსებობს კონკრეტული ადამიანები – მათ დასახელებას არ ვიწყებ – ხუთი ადამიანი, ვინც საზოგადოებაში შუღლს აღვივებს“, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „დემოკრატიული კავშირი – ლიეტუვისთვის“ წევრმა, დეპუტატმა ტომას ტომილინასმა.

სხვები მიიჩნევენ, რომ სოციალურ დაძაბულობას თავად იმიგრაციის მასშტაბები განაპირობებს და აქედან გამომდინარე, ქვეყანაში უცხოელი მუშახელის შემოსვლაზე უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესებას ითხოვენ.
„დროა, საზოგადოებას გავუგზავნოთ შეტყობინება, რომ საიმიგრაციო კვოტების შემცირება აუცილებელია“, – აღნიშნა კონსერვატიული პარტიის, „სამშობლოს კავშირის“ ლიდერმა, ლაურინას კასჩიუნასმა.
ლიეტუვის კანონმდებლობით, უცხოელი მუშახელის ყოველწლიურმა კვოტამ შესაძლოა ქვეყნის მოსახლეობის, მაქსიმუმ, 1.4%-ს მიაღწიოს, რაც დაახლოებით 40 000 ადამიანს შეადგენს. მიმდინარე წლისთვის კვოტად 0.9% განისაზღვრა, რაც 25 000-მდე მიგრანტის მიღების უფლებას იძლევა.
კასჩიუნასი გამოდის ინიციატივით, კვოტა 0.4%-მდე შემცირდეს, რაც ქვეყანაში წელიწადში დაახლოებით 10 000 უცხოელი მუშახელის შესვლას დაუშვებს, ამასთან გამონაკლისი გაკეთდეს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისთვის.

მან ასევე მოითხოვა იმ ქვეყნების მიმართ შემოწმების გამკაცრება, საიდანაც ლიეტუვაში მიგრანტების უმეტესობა შემოდის.
„სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა უნდა შეაფასოს, თუ რომელი მიმართულებაა უფრო თავსებადი ჩვენს ღირებულებებთან“, – განაცხადა კასჩიუნასმა. მისი აზრით, ლიეტუვამ ყურადღება ლათინურ ამერიკაზე გაამახვილოს, რადგან ამ რეგიონში უპირატესად კათოლიკური ქვეყნები არიან და აქედან გამომდინარე, კულტურულად უფრო ახლოს დგანან ლიეტუვასთან. მან ხუმრობით ისიც დასძინა, რომ ამ რეგიონში „ფეხბურთსაც კარგად თამაშობენ“.
ამ ინიციატივას პოლიტიკოსთა ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა – ისინი შიშობენ, რომ მიგრაციის მკვეთრმა შემცირებამ, შესაძლოა, ეკონომიკური მაჩვენებლები გააუარესოს.
„ლიბერალური მოძრაობის“ ლიდერი, ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენი ვარაუდობს, რომ კვოტის შემცირებამ, შესაძლოა, უმუშევრობა გაზარდოს.
„ლიეტუვაში უმუშევრობა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება. არადა, ის ისედაც ორჯერ მაღალია, ვიდრე პოლონეთში. თანაც, ლიეტუვური კომპანიები უცხოურ სამუშაო ძალაზე ძალიან არიან დამოკიდებულები“, – დასძინა მან.
თავად მთავრობაშიც არ არსებობს ერთიანი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, საჭიროებს თუ არა არსებული სისტემა ცვლილებას.
სოციალური დაცვისა და შრომის სამინისტრო, რომელიც ყოველწლიური კვოტის დაწესებაზეა პასუხისმგებელი, ამჟამად ითვლის, თუ რამდენი უცხოელი მუშახელი დასჭირდება ლიეტუვას მომავალ წელს.
„ჩვენ ახლა ვანგარიშობთ ამას. კვოტის გაზრდისთვის სერიოზულ არგუმენტებს ჯერჯერობით ვერ ვხედავ. იმაზეც ვიმსჯელებთ, არსებობს თუ არა მისი შემცირების საჭიროება“, – ამბობს სოციალური დაცვის მინისტრი, ინგა რუგინიენემ.
მისივე თქმით, არსებული სისტემა გამართულია და ეფექტურად მუშაობს.
განსხვავებული პოზიცია აქვს შინაგან საქმეთა მინისტრ მარტინას კატელინასს.
„უნდა ვაღიარო, რომ კვოტების სისტემა არ მუშაობს. საჭიროა ცვლილებები და მე უკვე ვფიქრობ ამაზე. მზადდება შესაბამისი მოდელი“, – აღნიშნა მან.
მისი განმარტებით, ლიეტუვის საიმიგრაციო პოლიტიკა უფრო გამკაცრდება. რამდენიმე თვეში კატალინასი მიგრაციული პოლიტიკის ახალი მოდელის წარდგენას აპირებს…
ლიეტუვის ბიზნესკონფედერაციის პრეზიდენტი, ანდრიუს რომანოვსკისი კი ფიქრობს, რომ თანმიმდევრული საიმიგრაციო პოლიტიკის არარსებობა ამ საკითხის მზარდ პოლიტიზებას უწყობს ხელს.
„საიმიგრაციო პოლიტიკის არარსებობა განაპირობებს იმას, რომ ყველას საკუთარი აზრი და რეცეპტი აქვს. ამიტომ, ეს საკითხი მთლიანად პოლიტიზებული გახდა და წინასაარჩევნო კამპანიის სტარტზე პოლიტიკოსები ერთმანეთს იმაში ეჯიბრებიან, ვინ უფრო მკაცრ რეგულაციას მოითხოვს“, – აღნიშნა რომანოვსკისმა.
აღნიშნული დებატები ლიეტუვაში მცხოვრები უცხოელების რაოდენობის ზრდის ფონზე მიმდინარეობს.
მიგრაციის დეპარტამენტის მონაცემებით, 2024 წლიდან მოყოლებული, ძირითადად იმატა მუსლიმური ქვეყნებიდან – განსაკუთრებით უზბეკეთიდან, პაკისტანიდან და ბანგლადეშიდან ჩამოსულთა რაოდენობამ.
ლიეტუვაში, მთლიანობაში, დაახლოებით 220 000 უცხოელი ცხოვრობს, რაც ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 8%-ს შეადგენს. მათი უმრავლესობა ლიეტუვაში უკრაინიდან და ბელარუსიდან არის ჩასული.