ლიეტუვა თანამედროვე ხუთჭიდში მსოფლიო თასის ერთ-ერთი ეტაპის მასპინძლობის უფლებას კარგავს

16:03, 20.10.2026
იუსტინას კინდერისი, თანამედროვე ხუთჭიდში ლიეტუვის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი

იუსტინას კინდერისი, თანამედროვე ხუთჭიდში ლიეტუვის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი

ლიეტუვამ დაკარგა უფლება, რომ თანამედროვე ხუთჭიდში მსოფლიო თასის ერთ-ერთ ეტაპს 2027 წელს კაუნასში უმასპინძლოს. ამის მიზეზი გახდა ის, რომ სპორტის ამ სახეობის საერთაშორისო მმართველმა ორგანომ მის მიერ რუსი და ბელარუსი ათლეტებისთვის ადრე დაწესებული შეზღუდვები გააუქმა, რასაც ოფიციალური ვილნიუსი ეწინააღმდეგება.

თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის (UIPM) აღმასკომმა მსოფლიო თასის ერთ-ერთი ეტაპის 2027 წლის 13-17 აპრილს კაუნასში ჩატარების გაუქმების გადაწყვეტილება ერთ კვირაზე მეტი ხნის წინ გამართულ სხდომაზე მიიღო. აღნიშნულის შესახებ ლიეტუვის ფედერაციამ წინა ორშაბათს იმ წერილიდან შეიტყო, რომლითაც UIPM-მა ეროვნულ ფედერაციებს კაუნასის ნაცვლად შეჯიბრების მასპინძლობაზე განაცხადების წარდგენისკენ მოუწოდა.

თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის მიერ გადადგმული ამ ნაბიჯის მიუხედავად, ლიეტუვა რჩება თავის პოზიციაზე, რომლის თანახმადაც ქვეყანაში გამართულ შეჯიბრებებში რუს და ბელარუს ათლეტებს მონაწილეობის უფლება არ ეძლევათ.

„თავდაპირველად გაბრაზებულები და იმედგაცრუებულები ვიყავით, რადგან მზადება უკვე დაწყებული გვქონდა და მომსახურების მიმწოდებლებთან რამდენიმე ხელშეკრულებაც გავაფორმეთ“, – ამბობს თანამედროვე ხუთჭიდში ლიეტუვის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, იუსტინას კინდერისი.

ის აღიარებს, რომ ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, ვინაიდან UIPM-ის ოფიციალური პირები ხშირად კითხულობდნენ, თუ როგორ აპირებდა ლიეტუვა რუს და ბელარუს ათლეტებთან დაკავშირებული საკითხის მოგვარებას.

კინდერისის თქმით, ეროვნულ ფედერაციას მაინც ჰქონდა იმის იმედი, რომ UIPM-ი, გადაწყვეტილების მიღების დროს, საერთაშორისო ტურნირების ორგანიზებაში ლიეტუვის მიერ დაგროვილ გამოცდილებას და შეჯიბრებებში მოპოვებულ მედლებს უფრო მეტად გაითვალისწინებდა.

UIPM-ის პრეზიდენტის, რობ სტალის მიერ ხელმოწერილ წერილში ხაზგასმულია, რომ ის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ მიმდინარე წელს დამტკიცებული იმ რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს, რომელიც რუს და ბელარუს ათლეტებს უფლებას აძლევს, თავიანთი ეროვნული დროშების და სიმბოლოების ქვეშ იასპარეზონ და მათთვის შეიქმნას თანაბარი შესაძლებლობები, ლოს-ანჯელესის 2028 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების მოსაპოვებლად.

კინდერისის განცხადებით, რუს და ბელარუს სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო ქულების მოსაპოვებლად სხვა შესაძლებლობებიც ექნებათ. მან ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო თასის ეტაპები, სპორტის ამ სახეობაში, უმაღლესი დონის შეჯიბრებებს არ მიეკუთვნება.

UIPM-ის გადაწყვეტილება კაუნასის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმაც გააკრიტიკეს და ქალაქში არსებულ გამართულ სპორტულ ინფრასტრუქტურას და საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძლობის გამოცდილებას გაუსვეს ხაზი.

ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტრომ სექტემბრის თვეში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ლიეტუვაში გამართულ შეჯიბრებებზე რუსი და ბელარუსი ათლეტების დაშვების წინააღმდეგ მიმართული მისი რეკომენდაციები უცვლელი რჩება.

დაშვების მისაღებად, რუსმა და ბელარუსმა ათლეტებმა ხელი უნდა მოაწერონ დეკლარაციას, რომელიც გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას და მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, მათ ასევე ეკრძალებათ საკუთარი ქვეყნის დროშებით და სხვა ეროვნული სიმბოლიკით ასპარეზობა.

კინდერისის აზრით, UIPM-ის ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას კაუნასის უფლებას, უმასპინძლოს 2028 წლის მსოფლიო თასის ეტაპს, ასევე ჭაბუკთა და ახალგაზრდულ ჩემპიონატებს.

ეროვნულ ფედერაციებს მიმდინარე წლის 25 ოქტომბრამდე აქვთ ვადა, რათა კაუნასის ჩასანაცვლებლად შეიტანონ განაცხადი. თავდაპირველად, 2027 წელს, თანამედროვე ხუთჭიდში მსოფლიო თასის ოთხი ეტაპის ჩატარება იყო დაგეგმილი, მაგრამ თუ კაუნასის შემცვლელი და ახალი მასპინძელი ვერ მოიძებნა, UIPM-ი მხოლოდ სამი ეტაპის ჩატარებაზე იმსჯელებს.

სტატიის ავტორი: ლიეტუვის ეროვნული ტელე-რადიო მაუწყებელი (LRT – Lietuvos nacionalinis radijas ir televizija

ფოტოს ავტორი: ი. სტაცევიჩიუსი, ლიეტუვის ეროვნული ტელე-რადიო მაუწყებელი

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი, 2026 წელი, 13:54 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი