ლიეტუვა სკოლებში რუსულენოვანი სწავლების ეტაპობრივად გაუქმებას გეგმავს

12:31, 15.09.2026
სკოლა (საილუსტრაციო ფოტო)

სკოლა (საილუსტრაციო ფოტო)

ზოგიერთი ლიეტუველი პოლიტიკოსი გამოდის ინიციატივით, ქვეყანაში არსებულ რუსულენოვანი უმცირესობის სკოლებში რუსულენოვანი სწავლება ეტაპობრივად შეწყდეს და 2030 წლისთვის, ამ სასწავლო დაწესებულებებში ყველა საგანი, მშობლიური ენის გარდა, ლიეტუვურ ენაზე ისწავლებოდეს.

ლიეტუვის განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ უმცირესობების სკოლებში ლიტვური ენის გამოყენების გაზრდას მხარს უჭერს, რათა ლიეტუვის საზოგადოებაში ამ უმცირესობების უკეთ ინტეგრაციას შეუწყოს ხელი. თუმცა, შემოთავაზებული ცვლილებები არ შეეხება სკოლებს, სადაც სწავლება ექსკლუზიურად პოლონურ ენაზე მიმდინარეობს.

ოპოზიციური კონსერვატიული პარტიის, „სამშობლოს კავშირის“ (TS-LKD) მიერ წამოყენებული ინიციატივის თანახმად, 2028 წლიდან საზოგადოებრივი მეცნიერებების შემსწავლელი საგნების – მათ შორის ისტორიის, გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების – სწავლება რუსულენოვან სკოლებში მხოლოდ ლიეტუვურ ენაზე უნდა იყოს შესაძლებელი. ორი წლის შემდეგ კი, მშობლიური ენის გარდა, ყველა საგნის შესწავლა ლიეტუვურ ენაზე უნდა მოხდეს.

ამ ინიციატივის დასასაბუთებლად, სახელმწიფო სასკოლო გამოსაშვებ გამოცდებზე ლიეტუვურ ენაში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ მოსწავლეთა დაბალი შედეგები დასახელდა.

მოსწავლეები, რომლებიც ლიეტუვური ენის სახელმწიფო გამოცდას ვერ აბარებენ, უმაღლესი განათლების მიღებისას დაბრკოლებებს აწყდებიან. განათლების ექსპერტი, არუნას შილერისი განმარტავს, რომ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი მრავალი მოსწავლე ამჟამად შედარებით დაბალი, B დონის გამოცდას ირჩევს, მიუხედავად იმისა, რომ ის უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების უფლებას არ იძლევა.

„ჩვენ ვზრუნავთ ბავშვსა და მის მომავალზე, რათა მან ცხოვრებაში წარმატებით წინსვლა და თავის დამკვიდრება შეძლოს, მიუხედავად იმისა, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელია თუ არა “, – ამბობს TS-LKD-ის თავმჯდომარე, ლაურინას კასჩიუნასი.

ვილნიუსის მაზრის ქალაქ ნემენჩინეში მდებარე კონსტანტინ პარჩევსკის სახელობის გიმნაზიაში სწავლება მიმდინარეობს როგორც პოლონურ, ისე რუსულ ენებზე. რუსულ სექტორში 65 მოსწავლე სწავლობს, მათ შორის 10 უკრაინელია.

გიმნაზიის დირექტორის, რენატა კრასოვსკას თქმით, რუსულენოვანი მოსწავლეები რუსულად მხოლოდ მშობლიური ენის გაკვეთილებს გადიან, ხოლო სხვა საგნებს პოლონურენოვან მოსწავლეებთან ერთად სწავლობენ.

კლაიპედაში მდებარე „აიტვარასის“ გიმნაზიაში შერეული კლასები რუსულ და ლიეტუვურ ენებზე სწავლობენ. მიმდინარე სასწავლო წლიდან ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების, ეთიკისა და ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები აქ ლიეტუვურ ენაზე ტარდება. განათლების შესახებ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ისტორია და გეოგრაფიაც ლიეტუვურად ისწავლება.

სკოლა (საილუსტრაციო ფოტო)

„აიტვარასის“ დირექტორი, მარინა უსტინოვა მიიჩნევს, რომ შეთავაზებულმა ცვლილებებმა, შესაძლოა, უკეთესი პირობები შექმნას მოსწავლეებისთვის სახელმწიფო ენის უკეთ შესასწავლად, თუმცა იქვე დასძენს, რომ 2030 წლისთვის ახალი მოდელის სრული სახით დანერგვა სერიოზული გამოწვევა იქნება განათლების სისტემისთვის.

მმართველი „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ აცხადებს, რომ ინიციატივის მიზანი კარგად არის დასაბუთებული, თუმცა შიშობს, აქვს თუ არა განათლების სისტემას საკმარისი პედაგოგიური რესურსი, სახელმძღვანელოები და განახლებული სასწავლო პროგრამები ამ ცვლილებების განსახორციელებლად.

„ჩვენ უნდა შევაფასოთ, არიან თუ არა ლიეტუვური ენის მასწავლებლები მომზადებულნი და რა ელით იმ ბავშვებს, რომლებმაც სწავლა ძველი მოდელით ექნებათ დაწყებული“, – აღნიშნა პარლამენტარმა იურგიტა შუკევიჩიენემ.

რუსულენოვანი სწავლების ეტაპობრივად გაუქმების წინადადებას ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტრო საფუძვლიანად გააანალიზებს. უწყება ასევე შეისწავლის მოთხოვნას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შვილებმა მხოლოდ ლიეტუვურ ენაზე ისწავლონ და ლიეტუვურენოვან სკოლებსა და საბავშვო ბაღებში იარონ.

მისივე მტკიცებით, იმის გათვალისწინებით, რომ პოლონური ევროკავშირის ოფიციალური ენაა, პოლონურენოვანი და რუსულენოვანი უმცირესობების მიმართ განსხვავებული მიდგომა გამართლებულია.

2021 წლის აღწერის მონაცემებით, რუსები ლიეტუვის სიდიდით მეორე ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ და ისინი ქვეყნის მოსახლეობის 5%-ზე ოდნავ მეტს შეადგენენ.

სტატიის ავტორები: გოდა მალინაუსკაიტე, აისტე ვალიაუსკაიტე –  ლიეტუვის ეროვნული ტელე-რადიო მაუწყებელი (LRT Lietuvos nacionalinis radijas ir televizija)

ფოტოების ავტორი: დ. უმბრასასი, ლიეტუვის ეროვნული ტელე-რადიო მაუწყებელი

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი, 2026 წელი, 08:19 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი