ლიეტუვა: სააპელაციო სასამართლომ დეპუტატი ჟემაიტაიტისი ანტისემიტიზმსა და ჰოლოკოსტის მნიშვნელობის დაკნინებაში დამნაშავედ ცნო
რემიგიუს ჟემაიტაიტისი
ოთხშაბათს, 22 ივლისს, ლიეტუვის სააპელაციო სასამართლომ პარლამენტარი რემიგიუს ჟემაიტაიტისი ებრაელების მიმართ სიძულვილის გაღვივებასა და ჰოლოკოსტის უხეშ დაკნინებაში ცნო დამნაშავედ და მასთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობა 10 000 ევრომდე გაზარდა.
განაჩენის კომენტირებისას, პარტია „ნემუნასის განთიადის“ (Nemunas Dawn) ლიდერმა, ჟემაიტაიტისმა სასამართლო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულა და დასძინა, რომ სასამართლოს ვერდიქტს აუცილებლად გასაჩივრებს.
„სამწუხაროა, რომ სასამართლოებში კვლავ ჭარბობს პოლიტიკური გადაწყვეტილებები“, – განუცხადა დეპუტატმა ჟურნალისტებს. მან ასევე აღნიშნა, რომ საკასაციო ეტაპზე მტკიცებულებების ხელახალ შეფასებას მოითხოვს.
სააპელაციო სასამართლომ ვილნიუსის საოლქო სასამართლოს ადრინდელი გადაწყვეტილების ის ნაწილი გააუქმა, რომლითაც ჟემაიტაიტისს 5 000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა ჰქონდა დაკისრებული. პროკურორმა იუსტას ლაუციუსმა გაცილებით დიდი ოდენობის ჯარიმის – 52 250 ევროს – დაკისრება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარის, ვიტალია ნორკუნაიტეს განცხადებით, ჟემაიტაიტისმა საჯარო განცხადებები და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტები „ებრაელი ხალხის გენოციდის – ჰოლოკოსტის – უხეშად დასაკნინებლად გამოიყენა და ამით განგრძობადი სისხლისსამართლებრივი დანაშაული ჩაიდინა“.
სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიტიკოსი განზრახ აღვივებდა ეთნიკურ დაპირისპირებას, როდესაც ებრაელების მიმართ განზოგადებულ ბრალდებებს აყენებდა და მათ ლიეტუვის განადგურებასთან დაკავშირებულ ისტორიულ მოვლენებთან აიგივებდა.
მოსამართლეებმა აღნიშნეს, რომ ჟემაიტაიტისმა დაამახინჯა ისტორიული ფაქტები, ასევე გამოიყენა შეურაცხმყოფელი ენა და „დეჰუმანიზაციური შედარებები“.
სასამართლო კოლეგიამ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი მის მიერ ჰოლოკოსტისა და საბჭოთა დანაშაულების შედარებას, ასევე დამამცირებელი ტერმინოლოგიით ებრაელი ხალხის მოხსენიებას, და აღნიშნა, რომ ასეთი განცხადებები ჰოლოკოსტის დანაშაულებრივ დაკნინებას წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ პარლამენტარის მიერ ჩადენილი დანაშაული უფრო მძიმე იყო, ვიდრე ეს თავდაპირველად ქვედა ინსტანციის სასამართლომ შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში, თუმცა ლიეტუვის უზენაეს სასამართლოში მისი გასაჩივრება მაინც შესაძლებელია.
აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე 2023 წლის მაისსა და ივნისში ჟემაიტაიტისის მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტებსა და საჯარო კომენტარებს ეფუძნება. ეს კომენტარები შეეხებოდა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სკოლა დაანგრია.
პროკურორების თქმით, ჟემაიტაიტისმა ებრაელები მოიხსენია, როგორც „ცხოველები“ და ამტკიცებდა, რომ მათ ლიეტუველი ერის განადგურებაშიც შეიტანეს წვლილი.
ამ კომენტარებს მისი იმპიჩმენტის პროცედურა მოჰყვა – 2024 წლის აპრილში ლიეტუვის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ჟემაიტაიტისმა პარლამენტარის ფიცი გატეხა და კონსტიტუცია უხეშად დაარღვია.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ჟემაიტაიტისმა საპარლამენტო მანდატი დატოვა, რათა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. მოგვიანებით, 2024 წლის შემოდგომაზე, ის ლიეტუვის პარლამენტში (სეიმში) ხელახლა აირჩიეს.