ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი რუსეთის აგრესიის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მოითხოვენ
ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი რუსეთის აგრესიის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მოითხოვენ. ამის შესახებ ნათქვამია სამი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა ერთობლივ განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრიბუნალის ჩამოყალიბება აუცილებელია, რათა რუსეთის ანგარიშვალდებულება უზრუნველყოფილი იყოს.
„წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი, რომლის დაცვისკენაც ყველა ვისწრაფვით, ვერ გადარჩება, თუ დაუსჯელი დარჩება ის ქმედებები, რომლებიც ამ წესრიგს ყველაზე აშკარად არღვევენ – გენოციდი, ომის დანაშაული, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული და აგრესიის დანაშაული“, – ნათქვამია განცხადებაში.
ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა რუსეთის მიერ გასულ კვირას უკრაინის ტერიტორიაზე მიტანილ სარაკეტო დარტყმებს, რომელთა სამიზნეც მოქალაქეები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო, რუსეთის მიერ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ წამოწყებული ტერორისტული კამპანიის კიდევ ერთ ეპიზოდად მიიჩნევენ.
„ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს, რათა უზრუნველყოს, რომ სამართლისა და ანგარიშვალდებულების დადგენა რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი საშინელი დანაშაულისთვის, წარმოადგენს ჩვენი პოლიტიკის ცენტრალურ ნაწილს“, – ვკითხულობთ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში.
ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამჟამად არ არსებობს სასამართლო ან ტრიბუნალი, რომელიც რუსეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას პასუხს აგებინებდა უკრაინაში ჩადენილი დანაშაულისთვის.
„აუცილებელია სპეციალური ტრიბუნალის შექმნა, რათა ეს ხარვეზი აღმოიფხვრას. ევროკავშირი და ჩვენი პარტნიორები ამ ძალისხმევის ცენტრში უნდა იდგნენ. ამ მკვლელი აგრესიის ორგანიზატორები, წამხალისებლები და ფასილიტატორები ვერ უნდა დაუსხლტნენ მართლმსაჯულებას უბრალოდ იმიტომ, რომ საერთაშორისო იურისდიქციაში ხარვეზი არსებობს“, – აცხადებენ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.