ლიეტუვა კალინინგრადში ტრანზიტის შეზღუდვასთან დაკავშირებით ოფიციალურ განმარტებას აკეთებს
ლიეტუვამ კალინინგრადში ტრანზიტის შეზღუდვასთან დაკავშირებით რუსეთს ოფიციალური განმარტება მისცა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კალინინგრადის ოლქში ტვირთების ტრანზიტთან დაკავშირებით ცალმხრივად არავითარი შეზღუდვები არ დაწესებულა. 2022 წლის 17 ივნისიდან ამოქმედებული ზომები ექვემდებარება იმ მოთხოვნებს, რომლებსაც ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მეოთხე პაკეტი ითვალისწინებს.
შემზღუდველი ზომები ევროკავშირში ფოლადისა და შავი მეტალების იმპორტსა და ევროკავშირის ქვეყნებში მათ გადაზიდვას ეხება. „მგზავრები და და პროდუქცია, რომლებზეც არ ვრცელდება ევროკავშირის სასანქციო რეჟიმი, ლიეტუვის ტერიტორიაზე გადაადგილებას განაგრძობს როგორც კალინინგრადის, ასევე უკუმიმართულებით“, – აცხადებენ ლიეტუვის საგარეო უწყებაში.
ლიეტუვის პოზიცია დღეს დაადასტურა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმაც, რომლის თქმითაც, ლიეტუვა მხოლოდ ევროკავშირის სანქციებს ასრულებს.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ კალინინგრადის ოლქსა და რუსეთის დანარჩენ ტერიტორიას შორის ლიეტუვის გავლით ტვირთის ტრანზიტი სრული მოცულობით თუ არ აღდგება, რუსეთი საპასუხო ნაბიჯებით იმოქმედებს.