ლიეტუვა: ახლახანს პრემიერ-მინისტრად დანიშნულმა სინკევიჩიუსმა, მერობის პერიოდში, სახელმწიფო მიწა ხუთმაგი მოგებით გაყიდა
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრად ახლახანს დანიშნულმა მინდაუგას სინკევიჩიუსმა, მერობის დროს, სახელმწიფო მიწა ხუთმაგი მოგებით გაყიდა
ლიეტუვის ეროვნული ტელე-რადიო მაუწყებლის (LRT) ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ახლახანს პრემიერ-მინისტრად დანიშნულმა მინდაუგას სინკევიჩიუსმა იონავის ცენტრში მდებარე სახელმწიფო მიწის ნაკვეთი, მისი შეძენიდან ერთ წელზე ნაკლებ დროში, შესყიდვის ფასზე ხუთჯერ ძვირად გაყიდა.
2024 წლის იანვარში, ლიეტუვის მთავრობამ იონავის რაიონის მუნიციპალიტეტს 457 სახელმწიფო მიწის ნაკვეთი გადასცა. მათ შორის იყო იონას ბასანავიჩიუსის ქუჩაზე მდებარე ნაკვეთიც, რომელიც იონავას მაშინდელმა მერმა, სინკევიჩიუსმა იმავე წლის გაზაფხულზე გამართულ აუქციონზე საწყის ფასად – 11 671 ევროდ შეიძინა. აუქციონზე ის ერთადერთი პრეტენდენტი იყო.
2025 წელს კომპანია „ფონდატუმმა“ ეს ნაკვეთი მისგან 55 000 ევროდ იყიდა. იმ პერიოდში „ფონდატუმის“ ერთ-ერთი საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე სკანდალურად ცნობილი ლიეტუველი პოლიტიკოსი, ვიქტორას უსპასკიხასი იყო, რომელიც ამ კომპანიას, ფლობდა ან აკონტროლებდა მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, მისი სახელი კომპანიის ოფიციალურ მფლობელთა სიაში პირდაპირ არ ფიგურირებდა.
სინკევიჩიუსმა LRT-ს განუცხადა, რომ საჯარო აუქციონში მონაწილეობა რიგითი მოქალაქის სტატუსით მიიღო და სტანდარტული პროცედურები მთლიანად დაიცვა. მუნიციპალიტეტში კი განაცხადეს, რომ კონკრეტულ ნაკვეთთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაში სინკევიჩიუსი არ მონაწილეობდა.
მინდაუგას სინკევიჩიუსმა, 2024–2025 წლებში, დაახლოებით 100 000 ევროს ღირებულების მიწა შეიძინა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიური დეკლარაციების მიხედვით, 2023 წლის ბოლოს მას და მის მეუღლეს საკრედიტო დაწესებულებებსა და სხვა აქტივებში მხოლოდ 21 000 ევრო ერიცხებოდათ. 2024 წლის დეკლარაცია მას ჯერ კიდევ არ წარუდგენია.
პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ, 30 ივნისს, ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ სინკევიჩიუსი პრემიერ-მინისტრად დანიშნა. მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე პრემიერ-მინისტრია, ახალი მთავრობის სრული უფლებამოსილება ძალაში შევა მას შემდეგ, რაც პარლამენტი მინისტრთა კაბინეტსა და მთავრობის პროგრამას დაამტკიცებს. მანამდე ის, 2011–2016 წლებში, ქალაქ იონავას მერის თანამდებობას იკავებდა, შემდეგ კი, 2019 წელს, ამ პოსტზე ისევ დაბრუნდა.
სტატიის ავტორი: ლიეტუვის ეროვნული ტელე-რადიო მაუწყებელი (LRT – Lietuvos nacionalinis radijas ir televizija) და საინფორმაციო სააგენტო „ბალტიკ ნიუს სერვისი“ (BNS)
ფოტოს ავტორი: ლიეტუვის ეროვნული ტელე-რადიო მაუწყებლის (LRT) საგამოძიებო ჯგუფი
თავდაპირველად გამოქვეყნდა: 1 ივლისი 2026, 10:20 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)