ლიეჟის შეხვედრის მონაწილეები დარეჯან ცხვიტარია და მანანა გოგინავა - რაც არ უნდა მოითხოვოს მიშამ, ყველაფერს გავაკეთებთ [ვიდეო]

თუ მიხეილ სააკაშვილის გზას გავყვებით, ამ მთავრობას დავამარცხებთ, – ამის შესახებ პირველ არხს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერმა, ფოთის საკრებულოს წევრმა, დარეჯან ცხვიტარიამ ლიეჟში განუცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე დასასწრებად მივიდა.

„პატრიოტული სული ჩქეფს აქ. როგორც რომისკენ მიდის ყველა გზა, ისე თავისუფლების, ფასეულობებისა და ღირებულების, ქვეყნის გადარჩენის და ჭაობიდან ამოყვანის გზა არის მიხეილ სააკაშვილი. ალტერნატიული მთავრობის შექმნას რამდენად ვიზიარებთ? იმდენად, რომ ვენდობით მიხეილ სააკაშვილს და იცის იმან, რასაც აკეთებს. თუ მის გზას გავყვებით, ამ მთავრობას დავამარცხებთ“, – განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

კითხვაზე, ყველა შემთხვევაში გაჰყვებიან თუ არა მიხეილ სააკაშვილს, რაც არ უნდა მოითხოვოს, დარეჯან ცხვიტარიამ აღნიშნა, რომ სააკაშვილი ცუდს არაფერს მოითხოვს.

რაც შეეხება კითხვას, რამდენად იზიარებენ იდეას, რომ უნდა შეიქმნას ალტერნატიული მთავრობა, შეხვედრაზე მისულმა კიდევ ერთმა მოქალაქემ, მანანა გოგინავამ აღნიშნა: „არ მგონია“, შემდეგ კი დასძინა – „რასაც მიშა იტყვის, იმას გავაკეთებთ ჩვენ“.

შეგახსენებთ, ბელგიის ქალაქ ლიეჟში დღეს მოძრაობა „ერთად სახლში“ ორგანიზებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბებას გეგმავს.