ლიდერების მატჩი „გაგრამ“ მოიგო - „სიონი“ სეზონში პირველად დამარცხდა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა2-ში მე-8 ტურის დარჩენილი სამი მატჩი გაიმართა. ყველაზე მნბიშვნელოვანი ის იყო, რომ გათამაშების ლიდერი დამარცხდა.
„სპაერის“ სტადიონზე თბილისის „მერანი“ „შევარდენი 1906“-ს შეხვდა. მეტოქეთა მცდელობები უშედეგო გამოდგა და მატჩი უგოლოდ დასრულდა – 0:0.
ასევე ფრედ დასრულდა ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გამართული მატჩი „რუსთავსა“ და ზუგდიდის „დინამოს“ შორის. გოლის გატანა ამ შეხვედრის მონაწილეებმაც ვერ მოახერხეს – 0:0.
ტურის ცენტრალური შეხვედრა თბილისში, „ზესტაფინის“ თბილისის ზღვის ბაზაზე გაიმართა, სადაც მეორეადგილოსანმა „გაგრამ“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა, რომელიც გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერი იყო და ქულა არ ჰქონდა დაკარგული.
ბოლნისელებისთვის მატჩი ცუდად დაიწყო. ანგარიში მე-17 წუთზე „გაგრას“ შემტევმა, ლუკა კიკაბიძემ გახსნა. 23-ე წუთზე კი „სიონის“ კაპიტანს, სანდრო კობახიძეს ტრავმის გამო მოედნის ადრე დატოვება მოუხდა. მასპინძელთა უპირატესობის გაზრდა 90+3-ე წუთზე ლიგის ბომბარდირს, თამაზ მაქაცარიას შეეძლო, მაგრამ ამ შანსით ვერ ისარგებლა და მეათე გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ „გაგრამ“ 1:0 მოიგო, მიმდინარე სეზონში ლიდერს „სიონს“ ქულა პირველად დააკარგვინა და მასთან სხვაობა შეამცირა.
ეროვნული ლიგა 2
1. სიონი 8 21
2. გაგრა 8 17
3. დინამო ზგ 8 13
4. მერანი მრ 8 12
5. გარეჯი 8 11
6. ვიტ ჯორჯია 8 10
7. მერანი თბ 8 9
8. რუსთავი 8 8
9. შევარდენი 8 6
10. ჩიხურა 8 4