ლიბანში საპარლამენტო არჩევნები 6 მაისს გაიმართება
ლიბანში საპარლამენტო არჩევნები 6 მაისს გაიმართება

ლიბანის პრეზიდენტმა, მიშელ აუნმა ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები 2018 წლის 6 მაისს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გადაწყვეტილებას ხელი ასევე მოაწერა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, საად ალ-ჰარირიმაც.

„ამ არჩევნებზე ლიბანელებმა უნდა გადაწყვიტონ, სინამდვილეში ვინ შეეფერება მათ სურვილებსა და მოლოდინებს და ამის მიხედვით მისცენ ხმა“, – განაცხადა აუნმა.

ლიბანის ისტორიაში პირველად, არჩევნები ხმის მიცემის პროპორციული სისტემით ჩატარდება.

ლიბანში ამჟამად მოქმედი პარლამენტი 2009 წლის შემდეგ მუშაობს. არჩევნები 2013 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა არასტაბილური პოლიტიკური გარემოს გამო, დეპუტატებმა მანდატი რამდენჯერმე გაიხანგრძლივეს.