ლიბანის პრეზიდენტი მიესალმება გადამდგარი პრემიერის განცხადებას, რომ ის სამშობლოში უახლოეს დღეებში დაბრუნდება
ლიბანის პრეზიდენტი მიესალმება გადამდგარი პრემიერის განცხადებას, რომ ის სამშობლოში უახლოეს დღეებში დაბრუნდება

ლიბანის პრეზიდენტი მიშელ აუნი მიესალმება ქვეყნის პრემიერის, საად ჰარირის განცხადებას, რომ ის სამშობლოში უახლოეს დღეებში დაბრუნდება. მიშელ აუნი ქვეყნის პრემიერის გადადგომას არ აღიარებს, სანამ ის საუდის არაბეთის ტერიტორიას არ დატოვებს.

ჰარირის გადადგომის გადაწყვეტილებამ, რომელიც მან 4 ნოემბერს ერ-რიადიდან გააჟღერა, ლიბანი პოლიტიკურ კრიზისში ჩააგდო. პირველი საჯარო კომენტარი მას შემდეგ ჰარირიმ კვირას საღამოს სატელევიზიო ინტერვიუში გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ სამშობლოში დაბრუნებას უახლოეს პერიოდში გეგმავს.

ჰარირი არ გამორიცხავს, რომ ლიბანში ჩასვლის შემდეგ, უარი თქვას გადადგომის გადაწყვეტილებაზე, თუ შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებში აღარ ჩაერევა.

მიშელ აუნს კი მტკიცედ სჯერა, რომ ჰარირი საუდის არაბეთში საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იმყოფება და მას თავისუფლად გადაადგილებაც არ შეუძლია.

ჰარირის სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს ევროკავშირიც. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ლიბანური პოლიტიკური ძალები ახლა ქვეყნის შიგნით მიმდინარე კრიზისებზე უნდა ორიენტირდნენ. საუდის არაბეთს კი ევროკავშირი აფრთხილებს, ნუ ჩაერევა მეზობელი ქვეყნის საშინაო საქმეებში.

ლიბანის შიდა პოლიტიკაში ჩარევას უარყოფს ირანიც. ოფიციალური თეირანის განცხადებით, ისინი მოხარულები არიან, რომ ჰარირი, რომელიც თანამდებობიდან ცხრა დღის წინ გადადგა, სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს.

საად ჰარირის პრემიერის პოსტიდან წასვლამ ლიბანი საუდის არაბეთსა და ირანს შორის არსებული დაპირისპირების ფრონტის ხაზზე მოახვედრა.

ერ-რიადი ლიბანის პრემიერის გადადგომაში დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ადანაშაულებს, რომელსაც ზურგს ირანი უმაგრებს. ამ ბრალდებას თეირანი უარყოფს და საუდის არაბეთს ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის გამწვავებაში სდებს ბრალს.