ლიბანის არმია - სამხრეთ საზღვართან ისრაელის მიერ კედლის აშენება ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევა იქნება
ლიბანის სამხრეთ საზღვართან, ისრაელის მიერ კედლის მშენებლობა ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევა იქნება, – ამის შესახებ ლიბანის არმიაში აცხადებენ.
ლიბანის პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის სპიკერმა ისრაელის გადაწყვეტილებას სასაზღვრო ზონაში სტაბილურობის პირდაპირი საფრთხე უწოდეს.
ლიბანის ხელისუფლების წევრები შეთანხმდნენ, რომ კედლის აშენების წინააღმდეგ რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე იმუშავებენ.
კედლის მშენებლობის სადავო საკითხთან დაკავშირებით გაერო-ს სამშვიდობოების ხელმძღვანელობით ლიბანისა და ისრაელის არმიის ოფიცრების შეხვედრა გაიმართა.
ისრაელს სურს, რომ 13 გამაგრებული ობიექტი თავის მხარეს, გაერო-ს მიერ განსაზღვრულ ე.წ. „ლურჯ ხაზში“ განათავსოს.
ბოლო წლების განმავლობაში ლიბანის არმიამ, „ჰეზბოლამ“ და ისრაელის არმიამ „ლურჯი ხაზი“ არაერთხელ დაარღვიეს.